ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, „ჭიაკოკონობაზე“ საბურავები და პლასტიკური მასალები არ დაწვან. აღნიშნულთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ: “
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოახლოებულ „ჭიაკოკონობასთან“ დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს – არ დაწვან საბურავები და პლასტიკური მასალები. კოცონის დასანთებად მოსახლეობა ხშირად იყენებს ავტომობილების საბურავებს და პლასტიკურ მასალებს, ეს კი ქალაქებსა და რეგიონებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ ძირითად ურბანულ გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს.
მოქალაქეები ვერ აცნობიერებენ, რამდენად საზიანოა ჯანმრთელობისათვის მცენარეული და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით წვა. გარდა იმისა, რომ იქმნება ხანძარსაშიში ვითარება, რეზინის საბურავების, ფოთლებისა და პლასტიკური მასალების დაწვისას გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ რიტუალში, ბინძურდება ატმოსფერული ჰაერი და ნიადაგი. განსაკუთრებით სახიფათოა რეზინის საბურავები, რომლებიც უამრავ საშიშ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს.
არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, ფოთლების, საბურავების) ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი დააწესებს მკაცრ კონტროლს აღნიშნულ ქმედებაზე და ყველა დამრღვევის მიმართ გაატარებს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები