გიგლა აგულაშვილმა გაეროს შტაბ-ბინაში პარიზის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია ოფიციალური ვიზიტით აშშ-ი იმყოფებიან, სადაც გაეროს შტაბ-ბინაში პარიზის შეთანხმების ხელმოწერის მაღალი დონის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.
გიგლა აგულაშვილმა სიტყვით გამოსვლისას პარიზის შეთანხმების შემუშავებაში განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს და გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის მდივანს ქრისტიანა ფიგუერას.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ 2015 წლის პარიზის მხარეთა კონფერენციამდე ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის საკმაოდ ამბიციური დოკუმენტის შემუშავებით გამოხატა მზადყოფნა, გადაგდას პოზიტიური ნაბიჯები და შეუერთდეს გლობალურ ძალისხმევას კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სათბური გაზების გაფრქვევის წილი გლობალური გაფრქვევების დაახლოებით 0,03 პროცენტს შეადგენს. საქართველომ აიღო პასუხისმგებლობა, ჩაერთოს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ერთობლივ ძალისხმევაში, ქვეყნის ეკონომიკა გარდაქმნას დაბალნახშირბადიან ეკონომიკად და გახდეს შედეგი კლიმატის ცვლილებისადმი. აქედან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი, რომელიც წარმოადგენს კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილების მიმართულებით რეალურ გაანგარიშებებზე დაფუძნებულ პირველ საერთაშორისო ვალდებულებას, არის ამბიციური და სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული დოკუმენტი.
საქართველოს სათბურის გაზების გაფრქვევების წილი 2014 წელს შეადგენდა 16 მილიონ ტონა ნახშირორჟანგს (CO2), რაც 1990 წლის მონაცემების 34% – ს შეადგენს. ცხადია, ეკონომიკურ განვითარებას თან ახლავს სათბური გაზების გაფრქვევების ზრდა. ჩვენი მიზანია, რომ არსებითად შევზღუდოთ ეს ზრდა, რისთვისაც უნდა მივმართოთ ინვესტიციები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაბალნახშირბადიანი ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.
საქართველომ კლიმატის ცვლილების შერბილების კუთხით გადადგა ქმედითი ნაბიჯები. დასრულდება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება. მზადების პროცესშია ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმა. საქართველოს 11 ქალაქი უკვე შეუერთდა ევროკავშირის ინიციატივას “მერების შეთანხმება” და ნებაყოფლობით აიღო სათბურის გაზების გაფრქვევის შემცირების ვალდებულება.
საქართველოს მთავრობა მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს პარიზის შეთახმების განხორციელების საერთაშორისო ძალისხმევაში. საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი ქმედება არის საუკეთესო გზა ადამიანის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების წინაშე არსებული პოტენციური საფრთხეების შესამცირებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები