ბოტანიკურ ბაღში დედამიწის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა

დღეს, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში დედამიწის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა. ბოტანიკური ბაღის ვიზიტორთა ცენტრში გაიმართა საგანმანათლებლო პროექტი “აღმოაჩინე მწვანე“-ს პრეზენტაცია. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს მომავალი თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას. პროექტი ითვალისწინებს 7-11 და 12-15 წლის ასაკობრივი ჯგუფებისთვის მოკლევადიანი საგანმანათლებლო-შემეცნებითი კურსის ჩატარებას, რომელიც თავის მხრივ მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ აქტივობებს. პროგრამის ფარგლებში თემატური ლექციები ჩატარდება სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებისთვისაც ისეთ აქტუალურ გარემოსდაცვით საკითხებზე, როგორიცაა “ადამიანი და გარემო”, “ბიომრავალფეროვნება და კლიმატის ცვლილება”, “ტყის ეკოსისტემა”, “ყვავილების მრავალფეროვნება” და “მერქნიანი მცენარეები”. ზემოაღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება მაისის ბოლოდან დაიწყება.
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ბოტანიკურ ბაღსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოსკოპს“ შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
გარდა ამისა, ბოტანიკურ ბაღში ორი გარემოსდაცვითი საჯარო ლექცია ჩატარდა, რომლებსაც მოსწავლეები, სტუდენტები და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ჩაატარა ლექცია თემაზე – “ბიომრავალფეროვნება”, ხოლო მწვანეთა მოძრაობის ხელმძღვანელმა ნინო ჩხობაძემ ნარჩენების მართვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა.
დედამიწის დღესთან დაკავშირებით ბოტანიკურ ბაღს ლისის „ბავშვთა სოფლის“ აღსაზრდელებიც სტუმრობდნენ, რომელებსაც ბაღის ყვავილოვან მცენარეთა საკოლექციო ნაკვეთზე შემეცნებითი ექსკურსია ჩაუტარდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები