შალვა რამიშვილი „იმედის“ დირექტორს ზეწოლაში ადანაშაულებს

ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი წამყვანი შალვა რამიშვილი ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს, გიორგი ბახტაძეს ზეწოლაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ იგი სთხოვდა მას, ტოქშოუ „პოლიტიკის“ ერთ-ერთ გადაცემაში მისთვის სასურველი სტუმრები მოეწვიათ.
ამის შესახებ ტელეწამყვანა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რეალურად, თათიასთან და ჩემთან დაკავშირებული ე.წ. სექსსკანდალი მხოლოდ უმნიშვნელო საბაბია იმისა, თუ რაც მოხდა ჩემთან მიმართებაში.
ტოქშოუ „პოლიტიკის“ მთავარი პროდიუსერი ვიყავი, 2015 წლის დეკემბერს დამიკავშირდა გიორგი ბახტაძე და ჯერ მთხოვა, რომ ეთერში მოგვეწვია ყველასათვის ცნობილი მურუსიძე და რამდენიმე მოქმედი მოსამართლე, რომლებიც მას დაუსვამდნენ შეკითხვებს. მურუსიძემ მანამდე ეთერში თქვა, რომ ნებისმიერ კითხვას გავცემ პასუხსო და ბახტაძემ მითხრა, კარგი იქნებოდა. მას თუ დაუსვამდნენ კითხვასო. ამის შემდეგ შედგა ვაიბერმიმოწერა.
ამ მიმოწერიდან კარგად ჩანს, როგორ ახორციელებს „იმედის“ დირექტორი გიორგი ბახტაძე ჩემზე ზეწოლას, როგორ ვიცავ თავს და როგორ არ მინდა მათი მოწვევა, რადგან ეს არის დადგმული სპექტაკლი და არ მინდა ამაში მონაწილეობა.
ვთავაზობ მურუსიძის ოპონენტების ვარიანტებს, მაგრამ ის მაინც დაბეჯითებით მთავაზობს, რომ ეს უნდა გავაკეთო. მაძლევს მოსამართლეების სიას და მეუბნება, დაუსვი რეალური ოპონენტი და ერთი ამ სიიდან, მე ვეუბნები, რომ არ აქვთ კრიტიკული კითხვა ამ მოსამართლეებს (ვესაუბრე მათ), ის მპასუხობს, მითხარი რა გინდა და ექნებათ კითხვა. აქედან ნათლად ჩანს, რომ ბახტაძეს აქვს კომუნიკაცია, ან მურუსიძესთან,ან ამ მოსამართლეებთან“, – აცხადებს რამიშვილი.
ჟურნალისტის თქმით, ამის შემდეგ მას დაურეკა ბახტაძემ და გარანტია მისცა, რომ საინტერესო ეთერი გამოვიდოდა, თუმცა, ჟურნალისტის მტკიცებით, ეთერი საშინლად წარიმართა და ეს მისი ყველაზე ცუდი გადაცემა იყო.
„ამის შემდეგ ისევ შედგა მსგავსი საუბარი, არჩევნების წინ პოზიციების დაკავებაზე, ამაზეც კატეგორიული უარის შემდეგ, ის მოდის ჩემთან და ამბობს, რომ მას აქვს ჩემი მაკომპრომეტირებელი აუდიოჩანაწერი, რომელიც ჩაიწერა თათია სამხარაძემ, სადაც მასზე სექსუალურად ვძალადობ და თუ მე მშვიდად არ გავეცლები ტელევიზიას, ის ჩანაწერი, ალბათ, სადმე აიტვირთება ან თავად წავა პროკურატურაში და იქნება დიდი სკანდალი“, – აღნიშნა რამიშვილმა.
ჟურნალისტმა მედიასთან მისი და „იმედის“ დირექტორის ვაიბერმიმოწერაც გაასაჯაროვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები