ICAO-ს ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველოს “წითელი ალმის” სტატუსი მოეხსნა
2013 წელს ჩატარებული ICAO-ს ყოვლისმომცველი აუდიტის შედეგების გამოსასწორებელი ღონისძიებების ადგილზე შეფასების მიზნით, მიმდინარე წლის 4-15 აპრილს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინირებული ვალიდაციის აუდიტს (ICVM) უმასპინძლა. მისიის ფარგლებში, აუდიტორების მიერ შემოწმდა სააგენტოს მიერ საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების სერტიფიცირებისა და ზედამხედველობის პროცესი 4 მიმართულებით: საავიაციო კანონმდებლობა (LEG), საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების ზედამხედველობა (OPS), საჰაერო ხომალდების ვარგისობის ზედამხედველობა (AIR) და ორგანიზაციული საკითხები ნაწილობრივ (ORG).
ვალიდაციის აუდიტის შედეგების თანახმად, ICAO-ს მიერ 2013 წლის აუდიტის დროს დაფიქსირებული ხარვეზი (SSC OPS/01-10/2013), რომელიც უკავშირდებოდა საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების სერტიფიცირების პროცესს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ აღმოფხვრილია.
მიმდინარე წლის 19 აპრილს, მონრეალში შეკრებილმა SSC ვალიდაციის კომიტეტმა განიხილა აუდიტორთა ჯგუფის მიერ, 4-15 აპრილს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში მოპოვებული მტკიცებულებები და დაასკვნა, რომ საქართველოს მიერ ხარვეზი წარმატებით გადაიჭრა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას მოეხნა „წითელი ალმის“ სტატუსი. ოფიციალურ წერილს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უახლოეს დღეებში მიიღებს.
რაც შეეხება კოორდინირებული ვალიდაციის აუდიტის მთლიან შედეგებს, მათ შესახებ საბოლოო დასკვნას სააგენტო 90 დღეში მიიღებს.
თუმცა უკვე ცნობილია, რომ საქართველოს საავიაციო ხელისუფლებამ გაუმჯობესება აჩვენა ყველა შემოწმებულ კომპონენტში. კერძოდ წინანწარი პროცენტებიასე გამოიყურება:
ICAO-ს სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაცია საავიაციო კანონმდებლობის ნაწილში (LEG) გახდა – 81.82% (მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი 67.8%), გაუმჯობესებამ 2013 წლის აუდიტთან შედარებით 59.09% შეადგინა;
საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების ზედამხედველობის (OPS) კუთხით გახდა 82.73% (მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი 66.6%) – 22.3% უკეთესი მაჩვენებელი, ვიდრე ეს იყო 2013 წლის აუდიტის დროს;
საჰაერო ხომალდების ვარგისობის ზედამხედველობის (AIR) პროცესი გაუმჯობესდა 20.82%-ით, ეფექტური იმპლემენტაციის მაჩვენებელი 82.11%-ს შეადგენს (მს. საშუალო მაჩვენებელი 74.57%);
ორგანიზაციულ ნაწილი (ORG), რომელიც აუდიტმა სხვა საკითხებთან კვეთის გამო მხოლოდ ნაწილობრივ გაიარა 15.34%-ით გაუმჯობესდა.
აუდიტის მიერ გამოვლენილი შედეგებით, საქართველოს საერთო მაჩვენებელმა ICAO-ს გლობალური უსაფრთხოების გეგმით დადგენილ 60% პროცენტს გადააჭარბა (წინასწარი მონაცემებით დაფიქსირდა 64.44%), რაც პირველი პრეცედენტია ქვეყნისთვის.