„ინფორმაცია, რომ ომბუდსმენი ბავშვების ექსკურსიაზე ტაძრებში წაყვანის აკრძალვას ითხოვს, სინამდვილეს არ შეესაბამება“

ბოლო პერიოდში სისტემატური ხასიათი მიიღო სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში, რელიგიის თავისუფლების თავში ასახული პრობლემატიკისა და შეფასებების მიზანმიმართულმა დამახინჯებამ, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც ომბუდსმენი აცხადებს, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ სახალხო დამცველი ბავშვების ექსკურსიაზე ტაძრებში წაყვანის აკრძალვას ითხოვს, არ შეესაბამება სინამდვილეს.
სახალხო დამცველი განმარტავს, რომ ანგარიშში საერთოდ არ არის საუბარი მოსწავლეების ექსკურსიებზე, მათ შორის, ისტორიული ძეგლების, სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების საკულტო ნაგებობების მოსანახულებლად წაყვანასა და არც მათი აკრძალვის საკითხზე.
„ბოლო პერიოდში სისტემატური ხასიათი მიიღო სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში, რელიგიის თავისუფლების თავში ასახული პრობლემატიკისა და შეფასებების მიზანმიმართულმა დამახინჯებამ.
კერძოდ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სახალხო დამცველი ბავშვების ექსკურსიაზე ტაძრებში წაყვანის აკრძალვას ითხოვს, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. საქართველოს სახალხო დამცველი ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებში წლებია საუბრობს საჯარო სკოლებში „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევაზე, რაც ცალკეულ შემთხვევებში გამოიხატება საგაკვეთილო პროცესის ლოცვით დაწყებაში, არააკადემიური მიზნებით სალოცავი კუთხეების მოწყობაში, სასულიერო პირების სკოლებში მოწვევასა და მათ მიერ სკოლის, საკლასო ოთახების კურთხევაში, მოსწავლეების რელიგიურ რიტუალებში ჩაბმაში, მასწავლებლების მხრიდან განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობის მქონე მოსწავლეებთან არათანაბარ დამოკიდებულებაში და სხვა. ასეთი შემთხვევები წინააღმდეგობაში მოდის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპებთან, რომელიც ერთმანეთისაგან მიჯნავს საჯარო სკოლასა და რელიგიურ გაერთიანებებს. კანონი ამ მხრივ საჯარო სკოლას ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ავალდებულებს და ამბობს, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს საჯარო სკოლის დამოუკიდებლობას რელიგიური გაერთიანებებისგან.
კანონი კრძალავს სასწავლო პროცესის რელიგიური მიზნებისათვის გამოყენებას, რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნით გამოფენას, რელიგიურ რიტუალებში მოსწავლეების ჩაბმასა და სხვა. 2015 წლის ანგარიშში, წინა წლების მსგავსად, წარმოდგენილია თავი საჯარო სკოლებში არსებული ვითარების შესახებ. ანგარიშში საერთოდ არ არის საუბარი მოსწავლეების ექსკურსიებზე, მათ შორის, ისტორიული ძეგლების, სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების საკულტო ნაგებობების მოსანახულებლად წაყვანასა და არც მათი აკრძალვის საკითხზე. რასაკვირველია, სკოლებს უფლება აქვთ დაგეგმონ ექსკურსიები სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების საკულტო ნაგებობების მოსანახულებლად და მიაწოდონ მოსწავლეებს ისტორიასა და კულტურასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით. სახალხო დამცველი წლიურ ანგარიშში ხაზს უსვამს, რომ საჯარო სკოლებში რელიგიური თანასწორუფლებიანობისა და ნეიტრალიტეტის დაცვა, კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება უმნიშვნელოვანესი საკითხია და მათ უზრუნველსაყოფად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები