ჯაბა სამუშია: სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილი კომუნალური ვაუჩერების გაუქმების საკითხი დღის წესრიგში არ დგას

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ და დედაქალაქის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა კომუნალურ ვაუჩერებთან დაკავშირებით, საკრებულოში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
ჯაბა სამუშიამ ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ სოციალურად დაუცველი პირებისთვის კომუნალური ვაუჩერის მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაუქმების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა , რომ ნოემბერ-დეკემბერში 70 ათასამდე ქულის მქონე ოჯახები 2014 წლის შემოდგომაზე მიღებული წესის შესაბამისად გაორმაგებული კომუნალური ვაუჩერით ისარგებლებენ, ხოლო 200 ათასი ქულის მქონე ოჯახები იმ მოცემულობის თანხას მიიღებენ, რაც მათ დღემდე ერიცხებოდათ.
,,მინდა კიდევ ერთხელ გავაკეთო მკაფიო და ნათელი განცხადება კომუნალურ ვაუჩერთან დაკავშირებით და წერტილი დავუსვა იმ იაფფასიან პოლიტიკურ სპეკულაციას, რომლითაც ნაციონალური მოძრაობა ბოლო დღეების განმავლობაში ურცხვად მიმართავს მოსახლეობას და შეცდომაში შეყავს ჩვენი საზოგადოების სოციალურად დაუცველი ფენა“ – განაცხადა ჯაბა სამუშიამ და ოპონენტ კოლეგებს საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილებების ზედმიწევნით შეისწავლისკენ მოუწოდა.
საკრებულოს წევრმა ჟურნალისტებს ბიუჯეტის ის მუხლი წარუდგინა, სადაც დეტალურად წერია, რომ ფინანსურ დოკუმენტში შესატანი ნებისმიერი ცვლილება მხოლოდ საკრებულოსთან შეთანხმებით ხორციელდება და მერიას არანაირი უფლება არ აქვს თანხები მისი სურვილისამებრს მართოს.
მისივე განმარტებით, მერიიდან გადმოგზავნილია წერილი, სადაც მუხლში ,,კომუნალური ვაუჩერი“ ასახულია 9 მლნ. 501 ათასი ლარი, რომელიც ნოემბერ-დეკემბერში კომუნალურ ვაუჩერებს მოხმარდება.
,,კომუნალური ვაუჩერების გაუქმების საკითხი დღის წესრიგში არ დგას და არც მომავალში მოხდება მისი განხილვა. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მისი გაცემა მოხდება იგივე კატეგორიის ადამიანებზე და იმავე პრინციპით, როგორც საკრებულომ ორი თვის წინ გადაწყვიტა.
ეს არის ის ვალდებულება, რაც თბილისის მერიასა და მუნიციპალიტეტს აღებული აქვს თბილისელების წინაშე.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვადასტურებ, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ნოემბერ- დეკემბერში კომუნალურ ვაუჩერებს მიიღებს“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
დედაქალაქის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა ვაუჩერის გაცემის საბოლოო ფორმის განსაზღვრაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ამჟამად თბილისის მერიაში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ტექნიკური ხასიათისაა და არავითარ შემთხვევაში არ შეეხება ბიუჯეტში ასახული მუხლის შინაარსობრივ მხარეს.
„საუბარია მხოლოდ იმ ტექნიკურ დეტალებზე, რომლებიც უნდა შემუშავდეს კომუნალური ვაუჩერის გაცემამდე, რომელზეც ჩვენ სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილი გვაქვს შესაბამის სერვის-პროვაიდერებთან ერთად. ესენი არიან: „თელასი“, „ერნერგო-პრო“, GWP და „თბილსერვისი“, – განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები