ინოვაციების, კულტურისა და გამომგონებელთა ფესტივალი გაიხსნა

თბილისის მერი დავით ნარმანია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად, ინოვაციების, კულტურისა და გამომგონებელთა ფესტივალის გახსნას დაესწრო. ოლიმპიადა თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით და ფონდ “GV”-ის ორგანიზებით იმართება.
ოლიმპიადაში 30-ზე მეტი ქვეყნის 300-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. თითოეული გუნდი დამთვალიერებლებს მეცნიერული ნაშრომის გარდა, საკუთარი ქვეყნის პრომო სტენდს გააცნობს.
ნორჩ გამომგონებელთა და მეცნიერთა მეათე საერთაშორისო ოლიმპიადა – IYIPO 2016 თბილისი მოლში დღეს გაიხსნა და 23 აპრილამდე გაგრძელდება.
„ოლიმპიადაში 30-ზე მეტი ქვეყნიდან 300-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. დამეთანხმებით, რომ ეს მართლაც მასშტაბური რიცხვია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა გავეცნოთ იმ გამოგონებებს და კვლევებს, ასევე, სამეცნიერო ნაშრომებს, რასთან დაკავშირებითაც მუშაობენ ახალგაზრდები მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან. დარწმუნებული ვარ, წლების შემდეგ ბევრი მათგანი გახდება წარმატებული მეცნიერი, წარმატებული გამომგონებელი, მათ მიერ შექმნილ ინოვაციებს კი მსოფლიო გაიცნობს და მე მოხარული ვარ, რომ ეს გამოგონებები პირველად, სწორედ თბილისში მიაღწევს საერთაშორისო წარმატებას.
პროფესორებისა და მეცნიერებისგან დაკომპლექტებული ჟიური პირველად მათ აღმოჩენებს სწორედ აქ შეაფასებს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ორი დღის განმავლობაში პროფესორ-მეცნიერებისგან დაკომპლექტებული ჟიური დეტალურად გაეცნობა ახალგაზრდების გამოგონებებს და კვლევის შედეგებს. საუკეთესო პროექტების ავტორები კი უკვე 23 აპრილს გამოვლინდებიან. ოლიმპიადის განმავლობაში ჟიურისთან ერთად დამთვალიერებელებსაც ექნებათ საშუალება გაეცნონ თითეული ქვეყნის კუთხეს, მათ კულტურას და უგულშემატკივრონ ფავორიტ გუნდებს.
ოლიმპიადის მიზანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაეხმაროს ახალგაზრდებს, რომ საკუთარი ინოვაციური გამოგონებები ფართო წრეებს გააცნონ.
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეათე საერთაშორისო ოლიმპიადა (International Young Inventors Project Olympiad – IYIPO) ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება. ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია VII-XII კლასის მოსწავლეს, რომელსაც საკუთარი გამოგონება აქვს და გამარჯვება უკვე მოიპოვა ქვეყნის მაშტაბით ჩატარებულ რესპუბლიკურ ტურნირში. IYIPO მოიცავს შემდეგ დისციპლინებს: ქიმია, ბიოლოგია, ინჟინერია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები