პრეზიდენტის სასახლეში ახალგაზრდული ლეგიონები იმყოფებოდნენ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი ვეტერანთა საკითხებში ალექსანდრე ბარბაქაძე, გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონისა და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. ლეგიონერებმა პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერეს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მათ მიერ პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელებული და სამომავლო საქმიანობა გააცნეს.
პრეზიდენტის მრჩევლის ალექსანდრე ბარბაქაძის განცხადებით, მაშინ, როდესაც საქართველოს შეიარაღებული ძალები პროფესიონალიზმზე აკეთებს აქცენტს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების პოზიტიური დამოკიდებულება, რომ ახალგაზრდები საკუთარი ნება-სურვილით ისწრაფვიან სამხედრო საქმისაკენ.
გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის პროექტი „მოზარდების დაწყებითი სამხედრო და სალაშქრო მომზადება’’ უკვე მეორე წელია საქათველოს პრეზიდენტის პატრონაჟითა და სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. 2015 წელს პროექტის ფარგლებში ლეგიონმა შეიძინა 25-მდე დასახელების, სხვადასხვა დანიშნულების ხელსაწყო და ეკიპირების შემადგენელი; ჩაატარა ლექციები, გამართა ლაშქრობები, დაბეჭდა ფერადი რუკები, ტოპოგრაფიის მასალები და საინფორმაციო ფლაერები; ასევე შეირჩნენ ის კანდიდატები, რომლებიც პროექტის ფარგლებში ლეგიონის საბაზისო კურსებსა და ეროვნულ ბანაკს 2016 წელს გაუძღვებიან.
„მეორე პროექტის ხანგრძლივობა არის 8 თვე და ამჯერად სამ კურსს მოიცავს – ორს თბილისში და ერთს გორში. დაახლოებით 200 მოზარდი მიიღებს მონაწილეობას მთლიანად პროგრამაში. მონაწილეები დაწყებით სამხედრო და სალაშქრო მომზადებას გაივლიან. ამ ეტაპზე ფორმდება ხელშეკრულებები საქართველოს ეროვნულ გვარდიასთან, აგრეთვე კიბერუსაფრთხოების ბიუროსთან, და ახალი რეზერვის კონცეფციის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა, მოხალისეების აქტიური ჩართულობისათვის. ახალგაზრდების მომზადება იმ ერთერთ კომპონენტს წარმოადგენს, რაც ფუნდამენტს შექმნის მომავალი სერჟანტებისა და ოფიცრების საუკეთესო კადრების მოძიებისათვის“, – განაცხადა გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის გამგეობის წევრმა პაატა გიგაურმა.
გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონი გეგმავს დასავლეთში აპრობირებული სასწავლო კურსისა და მეთოდიკის დანრეგვას საქართველოში, რომლის მიზანია მოზარდებში ექსტრემალური სალაშქრო და ძალისმიერი სპორტის სახეობების მეთოდიკის გამოყენებით, კანონმორჩილებისა და დისციპლინის მნიშვნელობის, დამოუკიდებელი აზროვნების და მოქმედების უნარის დანერგვა, მოზარდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება.
2015 წელს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა ლეგიონის პირველი პროექტი, წელს დაემატა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ კომპონენტი – „ახალგაზრდების დაწყებითი სამხედრო და სალაშქრო მომზადება“, რამაც უფრო ფართო ასაკობრივი სეგმენტი მოიცვა და პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა სასკოლო ასაკის მოზარდებთან ერთად, უკვე სტუდენტებსაც აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები