ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და ქალაქ ნანჩანის ქართული ღვინის ცენტრთან მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და ჩინეთის პროვინცია ძიანსის ქალაქ ნანჩანის ქართული ღვინის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი თანამშრომლობის გაღრმავებას და ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, კოორდინირებული აქტივობების, ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს.
მემორანდუმზე ხელი ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა და ქალაქ ნანჩანის ქართული ღვინის ცენტრის დირექტორმა, ჯიმინ ლიუმ (Jimin Liu) მოაწერეს.
ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, ასოციაციების „ქართული ღვინო“ და „კახეთის მეღვინეთა გილდიის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის მემორანდუმის გაფორმება წინგადადგმული ნაბიჯია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უწოდა ქართული ღვინის ცენტრის გახსნას ჩინეთის ისეთ დიდ პროვინციაში, როგორიცაა ძიანსი, სადაც მოსახლეობა 40 მლნ-ს აღწევს. ნანჩანი წარმოადგენს პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრს. ქალაქ ნანჩანის ღვინის ცენტრის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ჩინეთში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ქალაქ ნანჩანში ქართული ღვინის ცენტრის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ოფიციალური გახსნა უახლოეს პერიოდში იგეგმება. ცენტრი განთავსებულია 1600 კვადრატულ მეტრ ფართობზე და მოიცავს სადეგუსტაციო ოთახებს, ქართული კომპანიების წარმომადგენლობებს და საექსპოზიციო დარბაზებს, მუზეუმს, ენოთეკას, ქართულ რესტორანსა და სხვა. 2015 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით. ექსპორტის ზრდამ 2014 წელთან შედარებით 122%-ს მიაღწია და ჯამში 2 672 154 ბოთლი (0,75 ლ) შეადგინა. ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილი დაიმკვიდრა რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ. ზრდის ტემპები 2016 წელსაც შენარჩუნებულია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩინეთში ექსპორტირებულია 372 ათას ბოთლამდე ღვინო, რაც 2%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები