ეროვნული დემოგრაფიული უსაფრთხოების პოლიტიკაზე მუშაობა ახალ ეტაპზე გადადის

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, თემაზე „ეროვნული დიალოგი საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების პრიორიტეტების შესახებ“ 18-19 აპრილს ბორჯომში, სასტუმრო “Crowne Plaza-ში სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის – დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით საქართველოში დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავების პროცესი დაიწყო, რაშიც კომიტეტს დახმარებას გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი უწევს.
ეროვნული დემოგრაფიული უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც საქართველოში პირველად შეიქმნება, მტკიცებულებებს და ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებს დაეფუძნება.
კომიტეტის თხოვნით, კონცეფციის საკუთარი ვერსია საქართველოს დემოგრაფთა ასოციაციამაც შეიმუშავა.
“ეროვნული დემოგრაფიული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების მიზანია, გამოვლინდეს არსებული დემოგრაფიული დინამიკა და მოხდეს შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება და გატარება. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ცალმხრივი და არაკომპლექსური მიდგომა, ხშირ შემთხვევაში, ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მოახერხოს პოლიტიკური მიდგომების ისეთი კომბინაციის შემუშავება, რაც ეკონომიურ ზრდას, სოციალურ ინკლუზიას და მდგრად განვითარებას ერთმანეთს შეუთავსებს, გააძლიერებს და საზოგადოების კეთილდღეობას ხელს შეუწყობს. პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და გაეროს მოსახლეობის ფონდის თანამშრომლობა, პროცესის წარმატებით წარმართვისა და დასრულების მიზნით, კომპლექსურია და რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს მოიცავს. პირველ წარმატებულ ნაბიჯად ბულგარეთში საქართველოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც 2016 წლის აპრილში შედგა. საერთაშორისო გამოცდილების გასაზიარებლად, საქართველოს დელეგაცია ბულგარეთის მთავრობისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს შეხვდა. 18-19 აპრილს დაგეგმილი სამუშაო შეხვედრა სამუშაო პროცესის ერთ-ერთი შემდგომი მნიშვნელოვანი ეტაპია, რაც წინაპირობას შექმნის კონცეფციის შემუშავების პროცესის ახალ საფეხურზე გადასასვლელად და ხელს შეუწყობს ეროვნულ დიალოგს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით.
ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, საპარლამენტო კომიტეტის, საქართველოს მთავრობის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს დემოგრაფთა ასოციაციის, დემოგრაფიული აღორძინების ფონდის და გაეროს მოსახლეობის ფონდის ქვეყნის და რეგიონული ოფისების წარმომადგენლები შედიან, დემოგრაფიული პოლიტიკის პრიორიტეტებზე და შემხვედრ პოლიტიკურ მიდგომებზე იმსჯელებს, რაც ხელს შეუწყობს ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას მოსახლეობის განვითარების ხელშესაწყობად. საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი პარლამენტს მაისის ბოლოს წარედგინება“, -აღნიშნულია გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მიერ გავრვცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები