სპორტული ცეკვების საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები თბილისში სამიტს გამართავენ

თბილისში სპორტული ცეკვების საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ხვალ, 12:00 საათზე, სპორტის ახალ სასახლეში, თსუ-ს მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე სამიტს გამართავენ, რომელიც 16-17 აპრილისთვის დაგეგმილი ჩერლიდინგის საერთაშორიო ოლიმპიადის ფარგლებში იმართება.
როგორც “კვირას“ ჩერლიდინგის ფედერაციაში განუცხადეს, ოლიმპიადაში 3 000-მდე ქართველი და უცხოელი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის შშმ პირები მთელი საქართველოდან. მათივე ინფორმაციით, სამიტს შვიდი ქვეყნის სპორტული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, თბილისის მერიის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
მხარეები იმსჯელებენ მასობრივი და ესთეტიკური, სპორტის ახალი სახეობების პოპულარიზაციაზე, მისი განვითარების გზებსა და ხელშეწყობაზე, ცეკვისა (IDO) და ასევე ჩერლიდინგის საერთაშორისო (ICU) ორგანიზაციების მხრიდან აქტიურ მხარდაჭერაზე, რათა სპორტის ეს სახეობა საქართველოში უფრო აქტიურად დაინერგოს; ასევე საქართველოს ჩართულობაზე, ევროპის ქვეყნებსა და კავკასიის რეგიონში გამართულ საერთაშორისო სპორტულ ჩემპიონატებსა და ტურნირებში.
სამიტის მიზანია, ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი, სპორტული და კულტურული ცხოვრების წესის დანერგვის და ქალთა სპორტული ჯგუფების ხელშეწყობა და ქართველი ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემა. ასევე ჩერლიდინგის, როგორც ერთ-ერთი აქტიური სპორტული მიმართულების განვითარება საჯარო სკოლებსა და უნივერსიტეტებში. მათი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები მზად არიან, ქართველი მონაწილეები ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში ჩართონ, ხოლო თბილისში დაგეგმილ ყოველწლიურ ოლიმპიადაზე სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეები გამოგზავნონ. ოლიმპიადის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან ახალი ამბების სააგენტოები: “აიპრესი”, “სითი კვირა”, საინფორმაციო პორტალი “კვირა”, “ფრონტნიუსი”, “სპორტალ.ჯე”, “პირველი ინფო” და გაზეთი “პრაიმტაიმი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები