დავით ზურაბიშვილი: ზოგიერთი ბაგა-ბაღის დირექტორი შესაძლოა, სამართლიანად გაათავისუფლეს

თბილისის საკრებულოს წევრმა, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზურაბიშვილმა პორტალ „კვირაში“ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბაგა-ბაღებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების საკითხზეც ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, მის პარტიას ჰქონდა შეხვედრები როგორც სააგენტოს ხელმძღვანელთან, ასევე გათავისუფლებულ პირებთან. მან გარკვეულ ხარვეზებზეც ისაუბრა, თუმცა არ გამორიცხა, რომ ზოგიერთი ადამიანი შესაძლოა, მართლაც, სათანადო მიზეზის გამო ყოფილიყო გათავისუფლებული.
„ჩვენ გვქონდა შეხვედრა ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელ თორდინავასთან, ასევე აუდიტის სამსახურის უფროსთან, შევხვდით რამდენიმე დირექტორსაც. ლაპარაკი იყო საბავშვო ბაღის რვა დირექტორზე, რომლებიც გაათავისუფლეს აბსოლუტურად ერთნაირი მიზეზების გამო. როდესაც გავეცანით აუდიტის დასკვნას, ბაგების სააგენტოს ხელმძღვანელის შეხედულებას და განთავისუფლებული დირექტორების არგუმენტებსაც, დაგვრჩა შთაბეჭდილება და უფრო მეტიც, დარწმუნებულები ვართ, რომ მათი განთავისუფლების საფუძველი არ იყო. ჩვენ საქმე გვქონდა ისეთ ხარვეზთან, აუდიტის დასკვნით რომელიც ყველა ბაღს ექნება და ეს არის უფრო სისტემური ხარვეზი. ეს იყო დირექტორის ბრალი. მაგალითად, ვაუჩერიდან, საჭმლის ფულიდან რაღაც ორი კაპიკი თუ მორჩა და იმით ბავშვებისთვის იყიდა სათამაშოები, ამისთვის გაანთავისუფლო დირექტორი, აბსურდია. ძირითადი მიზეზი ყველგან ეს იყო, ანუ წინასწარ არ გააფრთხილეს ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი, იქ რომ ფული მორჩა, ამისთვის იყო გამოყენებული.
ამბობდნენ, რომ ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება. სხვა არგუმენტი არ იყო, მათ ასე თქვეს და, ჩემი აზრით, აქვთ საფუძველი. კატეგორიული დასკვნის გაკეთებას მოვერიდები, მაგრამ ბევრი განთავისუფლებული ადამიანი იყო, ვინც შეიძლება სწორად და სამართლიანადაც გაანთავისუფლეს. მაგალითად, იყო ასეთი შემთხვევა: კანონონმდებლობაში წერია, რომ ბაღის დირექტორს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება. როცა ასეთ შემთხვევაში ათავისუფლებ, სწორია, რადგან კანონმდებლობის მოთხოვნაა, მაგრამ როცა მიზეზი არაა, ესე იგი რაღაც სხვა პრობლემა იყო“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები