ნინო ფოფხაძე: საჭიროა, უფრო მეტად გაიხსნას ფარმაცევტული ბაზარი

ბოლო კვლევების მიხედვით მედიკამენტებზე ფასების მნიშვნელოვანი შემცირება სახეზეა და ამას მოწმობს მსხვილი სააფთიაქო ქსელების მიერ გაკეთებული განცხადებებიც საკუთარ ქსელში მედიკამენტებზე ფასების შემცირებასთან დაკავშირებით. თვიდან-თვემდე პრეპარატებზე ფასის კლების ტრენდი შენარჩუნებულია, რასაც ასევე მოწმობს ფანასკერტელის ინდექსის კვლევები, რომელთა მიხედვითაც მედიკამენტებზე ფასი მარტში, თებერვალთან შედარებით, 12,5 %–ით არის შემცირებული. 5 თვიან დინამიკაში კი (ფანასკერტელის ინდექსის პირველი მონაცემიდან დღემდე) მედიკამენტებზე ფასები 23%-ზე მეტად არის შემცირებული.
ექსპერტთა და პოლიტიკოსთა ნაწილი ამ ფაქტს ეროვნული ვალუტის გამყარებასთან ერთად ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშის, „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლას უკავშირებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ჯანდაცვის პლატფორმის დირექტორის, ნინო ფოფხაძის განმარტებით, მედიკამენტებზე ფასის შემცირება ნამდვილად დადებითი ფაქტია, თუმცა ამან ხელისუფლება და მეტადრე, ჯანდაცვის სამინისტრო თვითკმაყოფილებაში არ უნდა ჩააყენოს, რადგან ერთი მსხვილი მოთამაშის ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე შემოსვლა მედიკამენტებზე ფასის კლების ტენდენციის მომავალში შენარჩუნებასა და გაგრძელებას ვერ უზრუნველყოფს.
„ხელისუფლების მხრიდან არის გადადგმული რეალური ნაბიჯები იმ დანაპირების შესასრულებლად, რასაც მედიკამენტებზე ფასის შემცირება ჰქვია, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი ნამდვილად ვერ იქნება. ხელისუფლებამ და ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გადადგას რეალური ნაბიჯები. ამისათვის საჭიროა, უფრო მეტად გაიხსნას ფარმაცევტული ბაზარი, შეიქმნას მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები ახალი ინვესტიციების მოსაზიდად, ფარმაცევტული გამოცდილებისა და მემკვიდრეობის მქონე ისეთი მსხვილი მოთამაშეების დასაინტერესებლად, როგორიც არის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, უკრაინა, ბელორუსია. ჯანდაცვის სამინისტრომ არ უნდა მისცეს საკუთარ თავს მოდუნების უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ჰუმანითის ეფექტი“ იქნება მხოლოდ დროებითი, შეიქმნება საკმაოდ დიდი რისკი იმისა, რომ მოხდეს გარიგებები ფარმაცევტული ბაზრის მსხვილ მოთამაშეებს შორის, ეს კი მოსახლეობას ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მედიკამენტების შეძენის საშუალებას საგრძნობლად შეუზღუდავს. ერთის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა შექმნას რეალური გარანტიები ჯანსაღი კონკურენციის ზრდისათვის და მეორეს მხრივ, ამ პროცესში, სახელმწიფომ არ უნდა დაივიწყოს დანაპირები, ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გაზრდასთან დაკავშირებით“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები