საკრებულოში პროექტის – ,,გადავწეროთ ვეფხისტყაოსანი“ პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის ინიციატივით და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მხარდაჭერით, საკრებულოში პროექტის – „გადავწეროთ „ვეფხისტყაოსანი“ პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნში, რომელიც შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილისადმი მიძღვნილი პროექტის ფარგლებში სპეციალურად შეიქმნა, პირველ ჩანაწერს უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი ილია II გააკეთებს, რის შემდეგაც ყველა დაინტერესებულ პირს, საკუთარი სახელისა და გვარის მითითებით, ,,ვეფხისტყაოსნის“ თითო სტროფის გადაწერის შესაძლებლობა მიეცემა. ღონისძიება, რომელსაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამეცნიერო, სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ, გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნა.
საკრებულოს თავმჯდომარემ სტუმრებს „დედაენის დღე“ მიულოცა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ხელნაწერი ,,ვეფხისტყაოსნის’’ შექმნა თანამედროვე საზოგადოებაში შოთა რუსთაველის და მისი პოემის მეტ პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. საკრებულოს წევრებთან ერთად წიგნში ჩანაწერები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მეცნიერებმა, ხელოვანებმა, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა დატოვეს.
თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში განთავსებულ წიგნში ჩანაწერის გაკეთება ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, ხოლო პროექტი პოემის სრულად გადაწერისთანავე დასრულდება. შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საღამოზე სიტყვით დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, აკადემიკოსი როინ მეტრეველი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები გამოვიდნენ. ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო გამოფენა “რუსთაველი 850” , სადაც მხატვრებმა – მამუკა ტყეშელაშვილმა, თომა გლურჯიძემ, მურაზ მურვანიძემ, ოლეგ ტიმჩენკომ, ზურაბ გომელაურმა, ქეთი დავლიანიძემ, ნინო ჩაკვეტაძემ და მამუკა გიორგაძემ ,,ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრები, მათ შორის სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი ნაწარმოებები წარმოადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები