შსს-ში ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისიის წევრებსა და სამოქალაქო სექტორს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და საქართველოში ევროკავშირის მისიის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე შტეფან შტორქი უძღვებოდნენ.
შს სამინისტროს წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს შსს-სა და ევროკავშირის და ახალი პროექტი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო – ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ წარუდგინეს. პროექტი მიზნად ისახავს ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოებისთვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდებას, სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლებას და კოორდინაციის გაუმჯობესებას, როგორც არასამთავრობო სექტორთან, ისე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან.
შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკის წარმოების ახალი პროგრამა და მეთოდოლოგიაც გააცნეს. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა შსს-ს ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისიასა და სხვადასხვა უწყებას შორის აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის შედეგად მიღწეული პროგრესის, ასევე, არსებული გამოწვევების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. ამ მიზნით, შს სამინისტრო სამოქალაქო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები