ინოვაციები და ციფრული ეკონომიკა – ტექნოპარკი ბიზნესფორუმს უმასპინძლებს

ინოვაციები და ციფრული ეკონომიკა – აღნიშნული სახელწოდებით ბიზნესფორუმი 8 აპრილს საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში გაიმართება. ინოვატორთა ჰაბში შეკრებილ საზოგადოებას ამჯერად ბოლო დროის საინტერესო და წარმატებით განხორციელებულ პროექტებს ქართული კომპანიები თავად წარუდგენენ.
ღონისძიება მსოფლიო ბანკის, კომპანია Business Georgia-სა და GITA-ს ერთობლივი ინიციატივით ტარდება. ფორუმის თემატიკა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ინოვაციების ხელშეწყობა და მხარდაჭერა ბიზნესში, ამ მხრივ მიღწეული წარმატებები და გადასადგმელი ნაბიჯები. აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ინოვაციებისა და განვითარების ფონდი, ახალგაზრდა ინოვატორთა ცენტრი და ამ სფეროში მომუშავე სხვა ორგანიზაციები დააფიქსირებენ.
მსოფლიო ბანკის ცენტრალური ფილიალიდან სპეციალურად მოწვეული სტუმარი უვე დეიჩმანი აუდიტორიას 2016 წლისათვის მსოფლიოს განვითარების ანგარიშს წარუდგენს, რომელიც ინოვაციებსა და განვითარებაზე ციფრული ტექნოლოგიების გავლენის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებულ ანალიზს ემყარება.
ღონისძიების მეორე ნაწილში სხვადასხვა პროფილის კომპანიებიდან მოწვეული სპიკერები მათ მიერ განხორციელებული ინოვაციური პროექტებისა და ინიციატივების შესახებ პრეზენტაციებს გამართავენ. გამომსვლელებს შორის იქნებიან: „თი-ბის-ი“ ბანკი, „ვისოლ ჯგუფი“, „ჯეოსელი“, „ვიარექსი“, „ეი-სი-თი“, „სტარტ-აპ ნესთი“ და სხვა.
ბიზნესფორუმს კომერციული, სახელმწიფო და დიპლომატიური სექტორების 200-მდე წარმომადგენელი დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები