მერია: ტაქსების მძღოლებისა და ტაქსის სერვისის მიმწოდებელი კომპანიებისთვის რაიმე სახის გადასახადის დაწესების საკითხი არ განიხილება

ტაქსების მძღოლებისა და ტაქსის სერვისის მიმწოდებელი კომპანიებისთვის დედაქალაქის მერიის მხრიდან რაიმე სახის გადასახადის დაწესების საკითხი არ განიხილება.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია დედაქალაქში ტაქსების მომსახურების გაუმჯობესებისა და დახვეწის მიზნით სამუშაო დოკუმენტის შექმნასთან დაკავშირებით, ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან არასწორად იქნა ინტერპრეტირებული.
კერძოდ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერია აღნიშნულ სფეროში გარკვეული გადასახადების დაწესებას გეგმავს.
მერიაში აცხადებენ, რომ ტაქსების მძღოლებისა და ტაქსის სერვისის მიმწოდებელი კომპანიებისთვის დედაქალაქის მერიის მხრიდან რაიმე სახის გადასახადის დაწესების საკითხი არ განიხილება.
მათივე განმარტებით, ამჟამად მიმდინარეობს მხოლოდ სამუშაო დოკუმენტის ფორმირება, რომლის მიზანიცაა, საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად, მოქალაქეებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების სერვისის შექმნა.
“სამუშაო დოკუმენტი, თავის მხრივ, მოიცავს ავტომანქანების ტექნიკური გამართულობის ნაწილსა და მძღოლების კომპეტენციის დადგენის შესაძლებლობების გზებს, ამასთან, ვითვალისწინებთ რა, რომ ტაქსების მძღოლებისათვის აღნიშნული საქმიანობა, ხშირად, შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს, საკითხის გარკვეულ რეგულაციაში მოქცევისას, მათი ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.
მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, ნუ მოახდენენ თემის არასწორ ინტერპრეტაციას, რათა საზოგადოება არ იქნას შეცდომაში შეყვანილი“,- აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები