პრემიერი „ბლაუენშტაინ საქართველოს“ საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრება

ხვალ, 10:30 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველოს“ საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრება.
„ბლაუენშტაინ საქართველოს“ საწარმოები აქვს რაჭის რეგიონში. კომპანიის ძირითად მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი ნატურალური არაინდუსტრიული კვების პროდუქტების წარმოება ჰიგიენის შვეიცარული და ევროპული სტანდარტის მიხედვით, რაც ხელს უწყობს რაჭის რეგიონში ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განვითარებას. დღევანდელი მონაცემებით დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა   59 ადამიანს შეადგენს.
კომპანიამ ასევე პარტნიორული ურთიერთობები ჩამოაყალიბა პარტნიორ ფერმებთან და სამშენებლო კომპანიებთან. კომპანიის პარტნიორი ფერმერები, საკუთარი წარამოების გაფართოვების მიზნით, რაჭის რეგიონში შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობენ, კრედიტის მიღება ფერმერებისთვის კომპანია „ბლაუნშტაინ ჯორჯიას“ თავდებობით გაიცემა. უახლოესი 2-3 წლის ფარგლებში იგეგმება დამატებით 20 ფერმის განვითარება, ახალი მაღაზიების გახსნა და მერძეული ფერმების განვითარება, თითოეული 60 სულის ოდენობით.
კომპანიის მიზანია, ადგილობრივ მოსახლეობას შეუქმნას მუდმივი, ეკონომიკურად მომგებიანი საქმიანობა გრძელვადიან პერსპექტივაში, რითაც მათ საშუალებას მისცემს, არ დატოვონ საკუთარი მიწა-წყალი და საკუთარი საქმიანობით წვლილიც შეიტანონ რეგიონის განვითარებაში, რაც გარკვეულწილად ტურისტების მოზიდვასაც შეუწყობს ხელს.
„ბლაუენშტაინ საქართველოს“ სათაო ფერმა რაჭაში, სოფელ შარდომეთში მდებარეობს და განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა 18 000 000 ლარია. კომპანია რაჭაში ხუთ ფერმერთან პარტნიორობს, რომლებშიც ხორციელდება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საუკეთესო სახორცე და მერძეული ჯიშების შექმნა; ადგილობრივი ფერმერების დატრენინგება და რეგულარული მონიტორინგი ფერმის მართვის და საქონლის მოვლის შვეიცარული სტანდარტების შესაბამისად; საქონლის მიბარება ადგილობრივი ფერმერებისთვის მოვლა-პატრონობისთვის; აგრონომიული და ვეტერინარული მომსახურების გაწევა; მარცვლეულის და მარილის მიწოდება ფერმერებისთვის”, – ნათქვამია „ბლაუენშტაინ საქართველოს“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება კომპანიის ფერმერთა მუშაობის ამსახველი ფოტოები. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები