პრემიერი ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას დაესწრო

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის გადამამუშავებელი პირველი საწარმო გაიხსნა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო.
გიორგი კვირიკაშვილმა 300 ჰექტარამდე გაშენებული ზეთისხილის პლანტაცია და ახლად გახსნილი საწარმო დაათვალიერა.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზარზე.
“ეს არის დიასპორული ინვესტიცია, საქართველოდან წასულმა ჩვენმა თანამემამულემ განახორციელა ინვესტიცია და გააშენა ზეთისხილის ბაღები, ჯამში არის 200 ჰექტარზე მეტი. აქ კახეთის რეგიონში გაიხსნა გადამამუშავებელი საწარმო. მან დაასაქმა 100 ადამიანზე მეტი და უშვებს ორგანულ, ბიოლოგიურად სუფთა ზეთისხილის ზეთს და ასევე დაფასოებულ ზეთისხილს. სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამებით, ჩვენ არაერთი საინტერესო პროექტი დავაფინანსეთ რეგიონში. ეს პროექტი მათ შორის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს, მსგავსი პროექტები კიდევ განხორციელდება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ცნობისთვის, კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით, 5 მილიონი ლარია.
ბიზნესმენ გიორგი სვანიძის განმარტებით, პროექტის ფარგლებში, გაშენდა ზეთისხილის პლანტაცია, სადაც დაირგო 250 ათასი ზეთისხილის ნერგი და აშენდა გადამამუშავებელი საწარმო.
კომპანია ქართული ზეთისხილის პირველ მოსავალს საკუთარ საწარმოში გადაამუშავებს. კომპანია მომავალში საქმიანობის გაფართოებას და წარმოების გაზრდას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები