საკრებულოში „თბილისის ტრამვაის“ შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალექსანდრე ელისაშვილის ინიციატივით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „თბილისის ტრამვაი“ ტრანსპორტის ამ სახეობის განვითარებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა, რომელსაც საკრებულოს წევრები, ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში გამართული შეხვედრა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა გახსნა, რის შემდეგაც არასამთავრობო ორგანიზაციის „თბილისის ტრამვაი“ წარმომადგენელმა ბექა ნინიკურმა ტრამვაის განვითარებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარმოადგინა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, პრეზენტაციის შემდეგ, დისკუსია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საკრებულოს წევრებმა: ალეკო ელისაშვილმა, ლია ჯახველაძემ, შალვა ოგბაიძემ და სპეციალისტებმა. გარდა ამისა, მათ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს დედაქალაქში ტრამვაის განვითარებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები დაუსვეს და კონკრეტული საკითხების ირგვლივ მათი მოსაზრებები მოისმინეს.
შეხვედრის ბოლოს მონაწილეები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
„ტრამვაის ექსპლუატაციის რესურსი უზარმაზარია, ოთხჯერ დიდი ვიდრე ავტობუსის, აღარაფერს ვამბობ მის ეკოლოგიურობაზე. გადაუდებელი აუცილებლობაა თბილისში ტრამვაი იყოს.
მოხარული ვარ, რომ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფიც თბილისში ამ ტრადიცული, მოსახერხებელი და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის დაბრუნებას უჭერს მხარს“, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები