„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“: აბანოები, სხვა კომერციულ თუ არაკომერციულ აბონენტებთან შედარებით, პრივილეგიებით ვერ ისარგებლებენ

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” გოგირდის აბანოების თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. კომპანიის ხელმძღვანელების განცხადებით, გოგირდის აბანოების მხრიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.
კომპანიის განცხადებით, გოგირდის აბანოები უკვე ერთი წელია არ იხდიან ჩამდინარე წყლის გადასახადს. მიუხედავად ამისა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” თავი აარიდა მკაცრი ზომების მიღებას, არ შეუწყვიტა აბანოებს წყლის მიწოდება, ანუ არ გამოიყენა ის ბერკეტი, რომელსაც ყველა კომერციულ ობიექტთან მიმართებაში იყენებდა. სწორედ იმიტომ, რომ ხელი არ შეეშალა ბიზნესის ფუნქციონირებისთვის.
პრესკონფერენციაზე კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გოგირდის წყალი 24 საათის განმავლობაში ჩაედინებოდა თბილისის კოლექტორში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” ის გადააქვს გარდაბნის გამწმენდ ნაგებობაში. გოგირდის წყალი საჭიროებს განსაკუთრებულ ფილტრაციას, რადგან ქიმიურად აქტიურია და სხვა ჩამდინარე წყლებთან შედარებით განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპანიის ინფრაქტრუქტურას.
კომპანიის განცხადებით, რაც შეეხება გოგირდის აბანოების ტარიფს და გადასახადს – არსებულ ტარიფს აწესებს საქართველოს ენერგეტიკისა დაწყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და გადასახადი ცალკეული ორგანიზაციებისთვის ვერ შეიცვლება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ აბანოები სხვა კომერციულ, თუ არაკომერციულ აბონენტებთან შედარებით პრივილეგიებით ვერ ისარგებლებენ. კომპანია მოქმედებს ცივილიზებული გზით და საკითხის გადასაჭრელად სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება“,- განაცხადეს კომპანიის წარმომადგნელებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები