მედიკოსები იმედოვნებენ, რომ ჰოსპიტალური სექტორის განვითარებით საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასული პაციენტების რიცხვი შემცირდება

საპარტნიორო ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც თბილისის სამი საავადმყოფოს რეაბილიტაციას შეეხება, ბოლო ეტაპზე მხოლოდ ერთი კომპანია, ავსტრიული „ალფამედიკია“ გასული. ავსტრიული კომპანია „ალფამედიკი“ კონსორციუმის სახით არის წარმოდგენილი და აერთიანებს ისეთ გამოცდილ კომპანიებს, როგორიცაა FMK-ი, Keppie-ი, The Health Partnership-ი, FESP-ი.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ამ სამი კლინიკის PPP მოდელის მიხედვით მართვას აპირებს, რაც კერძო და საჯარო სექტორს შორის პარტნიორობას გულისხმობს.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალური სექტორის განვითარებისთვის 0.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
აღნიშნულ საკითხს ეხმაურება ეკონომიკის ექსპერტი სოლომონ პავლიაშვილი:
„ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორი პარტნიორები იქნებიან. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მმართველობა საჯარო იქნება. იქნება კერძო სამართლის იურიდიული პირი და სახელმწიფო იქნება თავისი წილით წარმოდგენილი. ამაში საგანგაშო ნამდვილად არაფერია. ეს არის თანამონაწილეობა იმ ფორმით, როცა სახელმწიფო არის წილის მფლობელი. თუ არ ვცდები, ძირითადი პაკეტის მფლობელი უნდა იყოს კერძო კომპანია. მსგავსი პროექტები ჰქონდა საპარტნიორო ფონდს, თუ სწორად მახსოვს, „რიქსოსი“ ბორჯომში. ამ შემთხვევაში სახელმწიფო გამოდის როგორც პარტნიორი, ხოლო პარტნიორი სახელმწიფო იქნება, თუ ვინმე სხვა კერძო პირი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მმართველობის ფორმა იქნება ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, ან სააქციო საზოგადოება. ეს ნიშნავს თანადაფინანსებით ამ პროექტის განხორციელებას. მე თუ მკითხავთ, უმჯობესია, მთლიანად კერძო საკუთრებაში იყოს ესა თუ ის საწარმო, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფო სტიმულირებას აკეთებს. ამ ეტაპზე ეს სრულიად მისაღებია. საპარტნიორო ფონდის დანიშნულება სწორედ ესაა“.
სოლომონ პავლიაშვილი მიიჩნევს, რომ სამი საავადმყოფოს რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების შემდეგ, თუ მომსახურება და ფასები ადეკვატური იქნება, საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასული პაციენტების რიცხვი შემცირდება:
„მე ვფიქრობ, სამედიცინო ტურიზმი ერთ-ერთი პროგრესული მიმართულებაა ჩვენი ქვეყნისთვის და ძალიან კარგია, თუ სახელმწიფო მის განვითარებას ხელს შეუწყობს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სამი საავადმყოფოს პროექტით დაგეგმილია კლინიკების აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, პერსონალის გადამზადება და მომსახურების ხარისხის გაზრდა. თუ ეს ყველაფერი, მართლაც, ადეკვატურად შესრულდა, სხვა მომენტებთან ერთად, საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თუ პერსონალი იქნება მაღალკვალიფიციური და შესაბამისი იქნება ტექონოლგიებიც, საზღვარგარეთ წასული პაციენტების რაოდენობა ნამდვილად შემცირდება“, – მიიჩნევს სოლომონ პავლიაშვილი.
ჯანდაცვის სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდის მიერ კლინიკაში გათვალისწინებულ ცვლილებებს გამოეხმაურა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი, გასტროენტეროლოგი კოტე მაისაიაც და აღნიშნა, რომ რაც იგეგმებადა ხორციელდება მისი წინააღმდეგი არავინ არის, პირიქით აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმება.
„ცვლილებები, რომელიც იგეგმება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვა და რეორგანიზაცია, ძალიან წარმატებული იქნება და არავინაა ამის წინააღმდეგი. თუ შენობაც გარემონტდება და მაღალი ტექნოლოგიები დაინერგება, ბუნებრივია, ეს ძალიან კარგი იქნება “, – განაცხადა კოტე მაისაიამ.
მან ისაუბრა იმ სავარაუდო მიზეზებზეც, რის გამოც საქართველოდან ყოველწლიურად უამრავი ადამიანი მიდის საზღვარგარეთ სამკურნალოდ. მაისაიას აზრით, ამის მიზეზი უმთავრესად პაციენტების უნდობლობაა:
„უნდა აღინიშნოს, რომ მაღალი ტექნოლოგიები ჩვენთანაც არის და პაციენტების საზღვარგარეთ გადინების მიზეზად უფრო უნდობლობა მიმაჩნია. ბევრი რამ ჩვენთანაც კეთდება, მაგრამ მაინც სხვა ქვეყანაში გზავნიან ექიმები მონაცემებს და მათი პასუხები აინტერესებთ. აუცილებელია, ექიმები ღებულობდნენ მაღალ ხელფასს, რათა არ ჰქონდეთ დაინტერესება, სხვაგან გააგზავნონ ანალიზები. შეიძლება, სხვა ქვეყნის კლინიკებთან ხელშეკრულებებიც კი აქვთ დადებული და ხელფასებსაც კი ურიცხავენ. დანამდვილებით ვერ გეტყვით, მაგრამ გამოცდილებით ვიცი, რომ უცხოეთში წასული პაციენტები ბოლო თეთრებს იქ ტოვებენ. ეს ჩემი მოსაზრებაა, თუმცა შეიძლება ბევრი არ მეთანხმებოდეს. მე უცხოეთში მკურნალობის წინააღმდეგი ნამდვილად არა ვარ. თუ მომსახურება აქ ხელმისაწვდომი არ არის, რასაკვირველია, უნდა წავიდნენ სამკურნალოდ საზღვარგარეთ. მაგრამ რაც ადგილობრივად შესაძლებელია და საქართველოშიც ხელმისაწვდომია, ავადმყოფი არ უნდა გაიგზავნოს სხვა ქვეყანაში. თუმცა თუ ტოტალურად კვალიფიკაციის დეფიციტია, მაშინ ეს უნდა ვაღიაროთ და გადამზადდნენ ექიმები, რაც ამ პროექტის ფარგლებში იგეგმება კიდეც“.
მედიკოსს დიდი მოლოდინი აქვს, რომ დაგეგმილი ცვლილებები ბევრ რამეს შეცვლის და დაარეგულირებს:
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნამდვილად არ არის განსაკუთრებული გარემო შექმნილი, მაგრამ პაციენტები მაინც მოდიან. გაჭირვებული ადამიანი მაინცდამაინც ვიზუალს არ აქცევს ყურადღებას, ხოლო როდესაც ამის მოთხოვნილება გაუჩნდება, მისი მსყიდველობითი უნარიც მაღალი იქნება. ჩვენთან მომსახურების უმეტესობას სახელმწიფო აფინანსებს და აქედან გამომდინარე, ავადმყოფსაც პრეტენზია არ გააჩნია. ეს, ერთი მხრივ, კარგია, თუმცა მაინც დროებითია, ვიდრე აღნიშნული პროექტი განხორციელდება. საბოლოო ჯამში, ამ პროექტის დაწყებას მოუთმენლად ველოდებით. უბრალოდ, თუ ექიმთა გადამზადება მოხდება და ისინი კვალიფიკაციას აიმაღლებენ, გამოცდებს ჩააბარებენ, მაშინ ასეთი დაბალი ხელფასები აღარ უნდა ჰქონდეთ. ეს საკითხი ძალიან მწვავედ დგას და შეიძლება ითქვას, ამის გადაჭრა სახელმწიფო დონეზეც კი უნდა მოხდეს“.
ტენდერის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ექიმი, კარდიოლოგი მაიკო მღებრიშვილი:
„პროფესიით კარდიოლოგი და რადიოლოგი ვარ და შესაბამისად, მისასალმებელია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სულ მალე შემოვა მაღალი დონის აპარატურა და შესაძლებლობა მექნება, ჩავატარო მაღალტექნოლოგიური, ხარისხიანი გამოკვლევები. ასევე, ძალიან კარგია, რომ ჩვენს კლინიკას ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა. ეს ცვლილებები დაგვეხმარება, რომ მომსახურების ხარისხი გაიზარდოს. ელემენტარულად, აუცილებელია მაღალი ხარისხის აპარატურა, რათა შესაბამისი შედეგი მიიღო. ძალიან მიხარია, რომ საავადმყოფოს გაუჩნდა პერსპექტივა და თანამედროვე აპარატურაზე მომიწევს მუშაობა. ამიტომ, ის ცვლილებები, რასაც საპარტნიორო ფონდის ტენდერი ითვალისწინებს, იყო დროული და აუცილებელი“.
ექიმმა ასევე ისაუბრა იმ ფაქტორებზეც, რაც აუცილებელია ისეთი საავადმყოფოს შესაქმნელად, სადაც პაციენტს მკურნალობის სურვილი ექნება:
„გასათვალისწინებელია ერთი მომენტიც, შეიძლება, კლინიკას ჰქონდეს ძალიან მაღალი დონის აპარატურა, მაგრამ არ ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმი. მაღალი ტექნოლოგიები არ ნიშნავს, რომ მომსახურებაც მაღალი დონის იქნება. ყველაფერი დამოკიდებულია ექიმის პროფესიონალიზმზე, ღირსებაზე და იმაზე, თუ რამდენად ზრუნავს ის თვითგანვითარებაზე. მეორე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ექიმის ანაზღაურების საკითხი. თუ პროფესიონალს არ აქვს შესაბამისი, ღირსეული ანაზღაურება, ყველაფერს აზრი ეკარგება და შემდგომში ეს ცუდად აისახება მის განწყობაზე. პაციენტზე ძალიან მოქმედებს საავადმყოფოს ინტერიერი, აღჭურვილობა. რაც უნდა მაღალ დონეზე მოემსახურო მას, ეს ფაქტორი მაინც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. შესაბამისად, ტენდერის დასრულების შემდეგ, როდესაც გვეყოლება კარგი გუნდი, იქნება კარგი შენობა, შესაბამისი თანამედროვე აპარატურით, გაჩნდება შანსი, რომ პაციენტი აღარ წავიდეს სხვა ქვეყანაში და ადგილობრივად იმკურნალოს. უცხოეთში მარმარილოსაც კი აგებენ საავადმყოფოებში, რათა ამით იმუშაონ პაციენტის ფსიქიკასა და მისი ნდობის მოპოვებაზე“.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები