ცოცხალ დონორთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილების პროექტი მოამზადა, რომლის მიხედვით, ცოცხალ დონორთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს.
ცვლილების თანახმად, შესაძლებელი ხდება რეციპიენტის დონორი მასთან ახლო, პირად ურთიერთობაში მქონე პირი გახდეს. ასეთი ურთიერთობა კი სასამართლომ უნდა დაადგინოს და შესაბამისი ნებართვა გასცეს.
აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების მომზადება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავამ განაპირობა.
როგორც კომიტეტის სხდომაზე გახდა ცნობილი, საკონსტიტუციო სასამართლომ კანონის დღეს მოქმედი ის ნორმა შეაჩერა, რომლის მიხედვით, ცოცხალი დონორი შეიძლება იყოს მხოლოდ რეციპიენტის გენეტიკური ნათესავი; რეციპიენტის მეუღლე, თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 1 წელი; ასევე რეციპიენტის მეუღლის შვილი, დედა (დედამთილი/სიდედრი), მამა (მამამთილი/სიმამრი), შვილიშვილი, ბებია, პაპა, და (მული/ცოლისდა), ძმა (მაზლი/ცოლისძმა), შვილის მეუღლე (რძალი/სიძე), შვილიშვილის მეუღლე (რძალი/სიძე), დის მეუღლე (სიძე), ძმის მეუღლე (რძალი), თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ ორი წელი.
როგორც კომიტეტის სხდომაზე ითქვა, საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტულმა პირმა მიმართა, რომელსაც არ მიეცა შესაძლებლობა, ღვიძლი ცოცხალი დონორისგან გადაენერგა, რადგან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ცოცხალ დონორთა წრე ამომწურავია და ის გამონაკლისს აღარ ითვალისწინებს. ამასთან, ტრანსპლანტაციის საბჭოს ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ კანონი გვამურ დონაციას ითვალისწინებს, ქვეყანაში რეალურად არ არსებობს ტრანსპლანტაციის ბანკი, რომელიც განახორციელებს გარდაცვლილი დონორების ტესტირებას, შერჩევას, მხოლოდ ლიცენზიით განსაზღვრული ორგანოს აღებას, ტიპირებას, ტრანსპორტირებას, დამუშავებას და შენახვას ტრანსპლანტაციისათვის გამოყენების მიზნით. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული დავის ფარგლებში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დონორთა წრის შეზღუდავი ნორმა შეაჩერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები