მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვის სავარაუდო თარიღად 2017 წლის პირველი იანვარი სახელდება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვის სავარაუდო თარიღად 2017 წლის პირველ იანვარს ასახელებს.
როგორც შალვა ხუციშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის წარდგენისას განაცხადა, კონსულტაციების შედეგად შედგა შეთანხმება, რომ აღნიშნული შეზღუდვა არ იმოქმედებს სპორტულ მანქანებზე და იმ ტიპის ავტომობილებზე, რომლებიც ტურისტულ ბიზნესში გამოიყენება.
შს მინისტრის მოადგილის თქმით, ამ ეტაპისთვის, კონსულტაციების შედეგად შეთანხმებული თარიღი პირველი იანვარია, რათა იმპორტიორებს “ბიზნესის გადაწყობის” და დაწყებული კონტრაქტების ბოლომდე მიყვანის საშუალება მიეცეთ.
გარდა ამისა, როგორც ცნობილია, საკანონმდებლო პაკეტით 3-დან 6-წლამდე ავტომობილები აქციზის განაკვეთის შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა, ხოლო მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი რვა და რვა წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის.
შეღავთიან რეჟიმში გადადის მოპედებისა და მოტოციკლების აქციზით დაბეგვრაც. შალვა ხუციშვილის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები გაიმართა ფინანსთა სამინისტროსთან.
“შესაბამისი ცხრილი, რაც წარმოდგენილია, შეიცვლება – კუბატურის მიხედვით, 12 წლის ავტომობილის განბაჟება 70 თეთრი იქნება, 12 წლის ქვევით – 50 თეთრი, ხოლო ხუთი წლიდან ისევ დაიწყებს გაძვირებას. სეგმენტი, რაც იაფი მანქანებისთვის იყო ორიენტირებული, გარკვეული შეღავათებისათვის, გათვალისწინებული იქნება, რათა მოსახლეობისთვის ავტომობილების შეძენა შესაძლებელი იყოს. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, არ მოხდეს ავტოპარკის დაძველება, ამიტომ 12 წლიდან ეტაპობრივად, ხოლო 14 წლიდან კრიტიკულად გაძვირდება ავტომობილების განბაჟება, კუბატურის მიხედვით”, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.
რაც შეეხება მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის კიდევ ერთ სიახლეს, რომელიც მართვის მოწმობებზე 100-ქულიანი სისტემის დაწესებას და საგზაო ადმინისტრაციული ჯარიმების დაგროვებისა და შედეგად, ქულების განულების შემთხვევაში, მართვის მოწმობის გაუქმებას ითვალისწინებს, ამასთან დაკავშირებით შს მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები იმის შესახებ, რომ მართვის მოწმობის გაუქმების ნაცვლად, მოხდეს მისი გარკვეული ვადით ჩამორთმევა, ხოლო თუკი მძღოლს ჩამორთმეული მოწმობის ვადაზე ადრე დაბრუნების სურვილი ექნება, ასეთ შემთხვევაში ის გამოცდას ჩააბარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები