საკრებულოში სახალხო დამცველის ანგარიში განიხილეს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, სხდომაზე დეპუტატებმა და მოწვეულმა სტუმრებმა „სათანადო საცხოვრებლის უფლების შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში განიხილეს, რომელიც ეროვნული საბინაო სტრატეგიისა და მისი შემადგენილი ნაწილის შემუშავების საკითხებს მოიცავდა.
სხდომას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიების თავმჯდომარეები – გულიკო ზუმბაძე და ირაკლი ფავლენიშვილი უძღვებოდნენ.
მათი განცხადებით, შეხვედრა დედაქალაქის მასშტაბით იმ მოქალაქეთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისა და მათი სტატუსის დეფინიციას ისახავდა მიზნად, რომლებსაც მძიმე სოცილურ პირობებში უწევთ ცხოვრება.
მათივე თქმით, აუცილებელია მოწყვლადი ჯგუფებისთვის სათანადო საცხოვრისის ხელმისაწვდომობის პოლიტიკის გონივრულ ვადებში შემუშავება, რაც გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ჟენევის წესდებაში „მდგრადი საბინაო მეურნეობის შესახებ“ დეტალურადაა ასახული.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა ბექა ჯავახაძემ დეპუტატებს აღნიშნული მიმართულებით გარკვეული რეკომენდაციები წარუდგინა, რომლებიც სახელმწიფო და ადგილობრივი უწყებების მიერ გასატარებელი ღონისძიებების ნუსხას მოიცავდა. როგორც ბექა ჯავახაძემ განაცხადა, აღნიშნული ღონისძიებები მოქალაქეთა სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციასა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
სხდომის დასასრულს, დეპუტატებმა და მოწვეულმა სტუმრებმა საკუთარი ხედვა და წინადადებები წარმოადგინეს და აღნიშნული მიმართულებით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის საფუძველზე სამომავლო გეგმები დასახეს.
გაერთიანებული კომისიების სხომას თბილისის მერიის, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების, ასევე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები