საკრებულომ თბილისის ერთ-ერთ გამზირს მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელი მიანიჭა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა სამგორის რაიონში, თბილისის ზღვასთან მდებარე გამზირისთვის პოლონელი სახელმწიფო მოღვაწის, მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელის მინიჭებას მხარი ერთხმად დაუჭირეს.
საკრებულოში გამართულ სხდომას საკრებულოს დეპუტატების გარდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე იან დიედზიჩაკი, პოლონეთის სეიმის წევრი, პოლონურ-ქართული საპარლამენტო მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე მარგორჟატა ბოჟიევსკა, პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკი, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპული კვლევითი ცენტრის დირექტორი იან ვალიცკი, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი დავით ყოლბაია, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სეიმის დელეგაციები ესწრებოდნენ, რომლებიც თბილისს საგანგებოდ ამ საკითხთან დაკავშირებით ესტუმრნენ.
საკრებულოს სხდომას დეპუტატებთან და პოლონელ სტუმრებთან ერთად საქართველოს პარლამენტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და საქართველოს პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირის „პოლონიას“ წევრებიც დაესწრნენ.
სხდომა საკრებულოს თავმჯდომარემ გახსნა, პოლონელ სტუმრებს მიესალმა და ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო მწუხარება გამოთქვა.
მომხდართან დაკავშირებით, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დიმიტრი ყიფიანის დარბაზში შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად ბრიუსელში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, რის შემდეგაც, საკრებულოს თავმჯდომარემ მარშალ პილსუდსკის შესახებ და მის მიერ ქართველი სამხედროებისთვის გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა.
საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხი სამგორის რაიონში, თბილისის ზღვასთან მდებარე გამზირისთვის პოლონელი სახელმწიფო მოღვაწის, მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელის მინიჭების შესახებ საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ წარმოადგინა.
საკითხის წარდგენის შემდეგ, პოლონელ სტუმრებს მიესალმნენ და საქართველოს წინაშე მარშალ იოზეფ პილსუდსკის ღვაწლსა და ქართულ-პოლონურ მეგობრულ ურთიერთობებზე საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ, საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ, ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა -თბილისი“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ და საქართველოს პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირის „პოლონიას“ თავმჯდომარე მარიამ ფილინამ ისაუბრეს.
საკრებულოს დეპუტატებმა კენჭისყრაზე დაყენებულ საკითხს თბილისის ზღვასთან მდებარე გამზირისთვის პოლონელი სახელმწიფო მოღვაწის, მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელის მინიჭების შესახებ ერთხმად დაუჭირეს მხარი.
კენჭისყრის შემდეგ, საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში სიტყვით გამოსვლისას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ იან დიედზიჩაკმა ქუჩის სახელდებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართულ-პოლონური ურთიერთობა ორმხრივი ხასიათისაა და ქვეყნებს შორის მეგობრული დიალოგი და ურთიერთთანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
„ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ ყველგან, მთავრობაში, პარლამენტში და თვითმმართველობის დონეზე. ჩვენ გავაგრძელებთ იოზეფ პილსუდსკის და ლეხ კაჩინსკის გზას და მეგობარ საქართველოს ყოველთვის დავუჭერთ მხარს. ეს ასე იყო, ასე იქნება მომავალშიც, ვინაიდან ქართულ-პოლონური მეგობრობა ორმხრივია“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ და სხდომის დასასრულს თბილისი საკრებულოს დეპუტატებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.