საბურთალოს რაიონში გამწვანების აქცია გაიმართა

0

თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ და საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ნუცუბიძის N14ბ-ს მიმდებარედ, ახლად მოწყობილ სკვერში კვიპაროსის ნერგები დარგეს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ახლად გაშენებულ უბანში რამდენიმე მრავალბინიანი კორპუსის მცხოვრებლებმა სკვერისა და სათამაშო მოედნების მოწყობის თხოვნით თბილისის მერს, დავით ნარმანიას გასულ წელს მიმართეს, თუმცა აღნიშნული მიწის ნაკვეთი კერძო საკუთრებას წარმოადგენდა.
მერიასა და მესაკუთრეს შორის კონსტრუქციული მოლაპარაკებების შედეგად, მიწის ნაკვეთი ადგილმონაცვლეობის პრინციპით, თვითმმართველის საკუთრებაში გადავიდა.
“თბილისის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მჭიდროდ დასახლებულ უბნებში მსგავსი ტიპის სკვერების და პარკების მოწყობა. ეს სკვერი არის კერძო სექტორთან თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითი. აქ უნდა აშენებულიყო კორპუსი და მოსახლეობის მოთხოვნით მოხდა ადგილმონაცვლეობა და მოეწყო სკვერი. დღეს ამ სკვერში დაირგო ხეები. ეს არის თბილისის მერის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, რომელიც თბილისის შემოგარენში მილიონი ხის დარგვას ითვალისწინებს”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
საბურთალოს რაიონის გამგეობამ საპროექტო სამუშაოები პროცედურების დასრულებისთანავე დაიწყო და რამდენიმე კვირაში დაასრულა. სკვერში კეთილმოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დაიდგა საპარკე სკამები, სათამაშო და სპორტული ინვენტარი. დღეს კი სკვერში 20 ერთეული წიწვოვანი ნერგი დაირგო.

კომენტარები

კომენტარი