თბილისში 6 ახალი ბაგა-ბაღი გაიხსნება

თბილისის სხვადასხვა რაიონში 6 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შენდება. ბაღების ნაწილი ექსპლუატაციაში გაზაფხულზე, ნაწილი კი წლის ბოლომდე შევა. ბაღების გახსნის შედეგად 2000-მდე ბავშვი სკოლამდელი განათლების მიღებას შეძლებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს შევა ექსპლუატაციაში ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩა N19-ში მდებარე ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი, რომელიც 350 აღსაზრდელზეა გათვლილი, ბაღში 65-მდე ადამიანი დასაქმდება. აღნიშნულ ადგილას იყო მძიმედ ავარიული ბაგა-ბაღი, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა. ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა 2015 წლის თებერვალში დაიწყო.
კრწანისის რაიონში, კრწანისის ქუჩა N 21-ში მშენებლობა მიმდინარეობს ყოფილი მე-20 ბაგა-ბაღის ადგილას. 900 კვ.მ ფართობზე შენდება არასტანდარტული შენობა, სადაც შეიქმნება აღსაზრდელთა 6 ჯგუფი და 250-მდე ბავშვის სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფა მოხდება. დასაქმდება 45-მდე ადამიანი. ბაღი ექსპლუატაციაში 2016 წლის სექტემბერში შევა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, 2016 წლის აპრილის დასასრულს ექსპლუატაციაში შევა კიდევ ერთი, ზემო ფონიჭალაში მდებარე წლების განმავლობაში უფუნქციო ბაგა-ბაღი N 206.
თავდაპირველად, საბავშვო ბაღი ორი ფლიგელისგან შედგებოდა, რომლებიც ერთმანეთს ხიდით უკავშირდებოდა. 2006 წელს ბაგა-ბაღი დაიხურა, მისი ერთი ნაწილი იჯარით გაიცა, ხოლო მეორე ნაწილი წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო. 2015 წელს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ მოხდა დარჩენილი 1300 მ2 ფართის ხელახალი დაგეგმარება, რის შემდეგაც, სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო. ბაღში შეიქმნება აღსაზრდელთა 8 ჯგუფი, მთლიანობაში კი, ბაგა-ბაღი 300-მდე ბავშვის სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფას შეძლებს. დასაქმდება 60-მდე ადამიანი.
კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს ისნის რაიონში, ონაშვილის ქუჩა N1-ში (მე-8 ლეგიონის დასახლება,). ყოფილი 37-ე საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობა რამდენიმე წლის წინ დაანგრიეს. ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა აღნიშნულ ადგილას 2014 წლის შემოდგომაზე დაიწყო. 4700მ2 მიწის ფართობზე ორსართულიანი ნაგებობა შენდება. ახალ საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა 11-მდე ჯგუფი შეიქმნება, მთლიანობაში კი ბაგა-ბაღი 400-მდე ბავშვის მიღებას შეძლებს, დასაქმდება 70-მდე ადამიანი. საბავშვო ბაგა-ბაღი ექსპლუატაციაში 2016 წლის შემოდგომაზე შევა. ნაძალადევის რაიონში, მიტინგის ქუჩა #1-ში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. 6 000 კვ.მ მიწის ფართობზე 1700 კვ.მ ორსართულიანი შენობა აშენდება. შეიქმნება აღსაზრდელთა 11 ჯგუფი, მთლიანობაში კი, ბაღი 400-მდე ბავშვის სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფას შეძლებს. დასაქმდება 65-მდე ადამიანი.
მერიის ცნობით, შენობა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. მოეწყობა ეზო და გამწვანების ზოლი. ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი ყოფილი 79-ე ბაღის ტერიტორიაზე აშენდება. არსებული შენობა 2011 წელს ავარიულობის გამო დაიხურა.
“ბაღების მშენებლობა, აღდგენა და რეკონსტრუქცია, პირველ რიგში, იმ რაიონებში დაიგეგმა, სადაც მოთხოვნა განსაკუთრებით დიდი იყო. უახლოეს პერიოდში გაიხსნება გლდანში მდებარე ახალაშენებული ბაგა-ბაღიც, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით აშენდა და 400-მდე აღსაზრდელს სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, 2016 წელს დედაქალაქში 10 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ახალი საბავშვო ბაგა-ბაღები ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის”, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები