პრეზიდენტმა მარნეულის მოსახლეობას ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვემო ქართლს ეწვია და ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული ადგილობრივ მოსახლეობას მარნეულიდან მიულოცა. გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად მარნეულში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაგეგმილ სადღესასწაულო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
პრეზიდენტმა რაიონების მიხედვით მოწყობილი საგამოფენო კუთხეები დაათვალიერა და ტრადიციული ტკბილეული და ჩაი დააგემოვნა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქვემო ქართლში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მარგველაშვილმა პრემიერთან ერთად ნოვრუზ-ბაირამის სადღესასწაულო, ტრადიციული კოცონი აანთო და ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.
“თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც ათწლეულების განმავლობაში რეალურად აძლიერებდა ჩვენს სახელმწიფოს. მე თქვენთან ერთად ვზეიმობ დღევანდელ დღეს. მთელი ქართველი ხალხი ზეიმობს დღეს თქვენთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტად მოხდეს ჩვენი საყვარელი აზერბაიჯანელი მოქალაქეების უფრო აქტიური ინტეგრაცია ჩვენს სახელმწიფოში. ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ენა ყველას კარგად ესმოდეს, ყველა კარგად ფლობდეს ქართულ ენას და ერთად ვაშენებდეთ ამ ენის მეშვეობით და ჩვენი ურთიერთობის მეშვეობით ახალ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტი მარნეულში ინთიგამ ისმაილოვის ოჯახს ესტუმრა, ნოვრუზ- ბაირამის დღესასწაული მიულოცა და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინა. მარნეულში საზეიმო ღონისძიებებს ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები