როგორია წყლების დაბინძურების დონე საქართველოში – რა პრობლემებს ქმნის გამწმენდი ნაგებობების არარსებობა

„საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელმა, გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა ნინო ჩხობაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საქართველოში დასალევი და საბანაო წყლის ხარისხზე ისაუბრა.
როგორც ნინო ჩხობაძემ აღნიშნა, ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ჩვენ გვთხოვენ, რომ დაახლოებით 2020 წლისთვის მოსახლეობისთვის უნდა გვქონდეს აბსოლუტურად სუფთა წყალი მიწოდებული.
სუფთა წყალი ნიშნავს იმას, რომ ის უნდა იყოს გაწმენდილი, შემოწმებული, გაფილტრული, თუმცა, ჩხობაძის განმარტებითვე, ამ მხრივ ქვეყანაში მძიმე ვითარებაა, რადგან საკანალიზაციო წყლების გამწმენდი ნაგებობები არ გვაქვს და ყველა მდინარის პირდაპირი დაბინძურება ხდება.
„ასოცირების ხელშეკრულების მეორე მხარე, სასმელი წყლის შემდეგ, ე.წ. საბანაო წყლების ხარისხის დაცვაა, რომელიც არასდროს ყოფილა დაცული საქართველოში. ამ დირექტივების მიხედვით საქართველო ვალდებული იქნება, რომ ჩაატაროს მუდმივი მონიტორინგი, შეფასება და შესწავლა იმ საკითხების, რომლებიც ყველა ღია წყალსაცავს ეხება, სადაც ადამიანი ბანაობს.
აუცილებლად დადგება ლისის ტბის, თბილისის ზღვის, კუს ტბის საკითხი. რაც შეეხება მთელი ქვეყნის მასშტაბით წყლების დაბინძურებას, ძალიან რთული თემაა, რადგან წყლის ხარისხთან დაკავშირებით მონიტორინგი, როგორც ამას საბანაო დირექტივა ითხოვს, დადგენილი არ არის. რაც შეეხება ე.წ. გაზავების პროცენტს, ხდება ხოლმე, წყლის რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მასში ჩასული მავნე ნივთიერებები ზავდება იმდენად, რომ ისინი არ აღემატებიან ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას და მავნე არ არის ორგანიზმისთვის. თუმცა, გაზავების პროცენტის დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება და მავნე ნივთიერების რაოდენობა წყალში უფრო მეტი იქნება, ვიდრე მანამდე იყო. წყლის ჩამონადენი ყოველწლიურად უფრო ნაკლებია. ბევრ სოფელში დაშრა ჭები, წყაროები… მდინარეების წყლის ჩამონადენი სერიოზულად შემცირდა.
საკანალიზაციო წყლების გამწმენდი ნაგებობები არ გვაქვს. ყველა მდინარის პირდაპირი დაბინძურება მიდის. სულ სამი გამწმენდი ნაგებობა გვაქვს, რომელიც საკანალიზაციო წყალს წმენდს. ყველაფერი პირდაპირ ჩაედინება მდინარეში. იგივე ხდება ყველა ქალაქში. გამწმენდი გვაქვს თბილისში, რომელიც ბოლომდე ვერ წმენდს, ხშირად კი საერთოდ ვერ წმენდს, ბათუმში ახალი გამწმენდი ნაგებობაა აშენებული  და ერთი გამწმენდი ძალიან კარგი ნაგებობა გვაქვს საჩხერეში“, – აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.
შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი, ჩხობაძის განმარტებით, ის არის, რომ წყლის თითოეულ ობიექტზე  სრულადუნდა აღდგეს სანიტარული ზედამხედველობა. აუცილებელია სრულად გარემოს მონიტორინგი წყლის ობიექტებზე. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკანალიზაციო სისტემები გამწმენდი ნაგებობების ქვეშ მოექცეს და ყველა ქალაქში, სადაც ცენტრალიზებული საკანალიზაციო სისტემაა,  გამოსავალ მილზე გამწმენდი ნაგებობა არსებობდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები