გიორგი კვირიკაშვილი: დაგროვებითი საპენსიო სისტემა, სავარაუდოდ, 2017 წლის III კვარტლიდან ამოქმედდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა, სავარაუდოდ, 2017 წლის III კვარტლიდან ამოქმედდება. აღნიშნული განცხადება პრემიერმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დროს გააკეთა. მისივე განმარტებით, დაგროოვებითი საპენსიო სისტემა არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს არსებული მინიმალური საბაზისო უზრუნველყოფის გაუქმებას.
“დღეს ვიხილავთ ეკონომიკის სამინისტროს ანგარიშს საპენსიო სისტემის რეფორმის სამოქმედო გეგმის შესახებ და საპენსიო სისტემის შექმნის კუთხით განხორციელებული სამუშაოს შესახებ. ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც ხორციელდება ეკონომიკის სამინისტროს კოორდინაციით, ჩართულია ყველა დაინტერესებული უწყება, საერთშორისო საფინანსო ინსტიტუტები. ეს სისტემა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს არსებული საპენსიო სისტემის ჩარჩოებში მოქცევას იმ კუთხით, რომ პენსიონერების საბაზისო უზრუნველყოფა ყოველთვის ხდებოდეს ინფლაციის გათვალისწინებით ინდექსაციის პირობებში და ასევე ახალი დამატებითი დაგროვებითი კომპონენტის შექმნას, რომელიც მომავალი წლის მე-3 კვარტლიდან ჩაირთვება”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, დაგროვებითი სისტემა ეს არის თანადაფინანსებული სისტემა, რომელიც მომავალი პენსიონერებისთვის გაცილებით სხვა ხარისხის სიბერეს უზრუნველყოფს.
“ეს დაგროვებითი სისტემა გულისხმობს თანადაფინანსების სისტემას. ეს არის დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან თანადაფინანსებული დაგროვებითი სისტემა, რომელიც მომავალი პენსიონერებისთვის გაცილებით სხვა ხარისხის სიბერეს უზრუნველყოფს. ეს სისტემა არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს არსებული მინიმალური საბაზისო უზრუნველყოფის გაუმქებას, პირიქით, არსებული საპენსიო უზრუნველყოფა იმოქმედებს დაგროვებითი სისტემის პარალელურად და ინდექსირება საბაზისო სისტემით გათვალისწინებული პენსიების ინფლაციის კვალდაკვალ მოხდება”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები