სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“ უნივერსიტეტის ტერიტორიას ტოვებს  

აქციის მონაწილე სტუდენტებმა მოძრაობა “აუდიტორია N115” დააფუძნეს. სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიას ტოვებს და აქციებს წყვეტს. აღნიშნული გადაწყვეტილება მათ სამუშაო შეხვედრაზე მიიღეს და მანიფესტი გამოსცეს. როგორც „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენელმა ლევან ლორთქიფანიძემ თსუ-სთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ისინი ღამის თენების რეჟიმს წყვეტენ.
“დღეს თსუ-ს სტუდენტები, ლექტორები, ასევე პროტესტის სხვა მონაწილეები, რომლებიც 6 დღის განმავლობაში სრულ მხარდაჭერას გვიცხადებდნენ, ვაარსებთ მოძრაობას “აუდიტორია N115″, რომელიც განათლების სისტემის რეფორმის ფუნდამენტური ნაწილი გახდება. აუდიტორია N115” შექმნის თსუ-ს რეფორმირების საბჭოს, რომელშიც ფართოდ იქნებიან წარმოდგენილი სტუდენტები და რექტორები “აუდიტორია N115”-ის მოძრაობიდან. სტუდენტების მოთხოვნა უნივერსიტეტის ავტომონიურობის შესახებ გულისხმობს მართვის სისტემის დემოკრატიზაციას, თითოეული სტუდენტისა და პროფესურის მაქსიმალური მონაწილეობით. ძირეული ცვლილებების გატარება შეუძლებელია კლანების მიერ მართულ უნივერსიტეტში. ამიტომ ამ დროისთვის ჩვენი მთავარი რადიკალური მოთხოვნაა არა ცალკეული თანამდებობის პირების გადაყენება, არამედ მთლიანად აკადემიური საბჭოს დაშლა, მისი სტრუქტურისა და არჩევის წესის რეორგანიზება, როგორც ფუნდამენტური და პროგრესული ცვლილებების უპირველესი წინაპირობა“, – განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.
„აუდიტორია 115“-ის წევრების განცხადებით, მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება.
„ჩვენი დანარჩენი მოთხოვნები ძალაში რჩება: მოხდეს თვითმმართველობის სასწრაფო რეორგანიზაცია განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის გზით, საკანონმდებლო ცვლილებები აკადემიური საბჭოს გარდა, უნდა შეეხოს რექტორის, სენატის და სხვა ინსტიტუტების არჩევის წესს. ამასთანავე, ჩვენ ვითხოვთ საგანმანათლებო სივრცის სრულ გათავისუფლებას ე.წ. ოდეერებისგან.
„აუდიტორია 115“ მიზნად ისახავს გრძელვადიან თანამონაწილეობას განათლების სისტემის რეფორმის პროცესში. ამ მიზნით, უახლოეს დროში შემუშავებული იქნება დეტალური ხელშეკრულება, კონსესუსზე დაფუძნებული შეთანხმება მთავრობასა და ახალგაზრდობას შორის. ეს ხელშეკრულება არ უნდა ეფუძნებოდეს პარტიულ კონიუნქტურას და არ უნდა ექვემდებარებოდეს გადახედვას. ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ განათლების მინისტრი, უნივერსიტეტის რექტორი და წარმოდგენილი პირი „აუდიტორიიდან 115“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები