შავი ზღვის სანაპიროზე შტორმია მოსალოდნელი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იწვიმებს, ხოლო შავი ზღვის სანაპიროზე 3-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში აცხადებენ.
საქართველოს მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი, ზოგგან – ძლიერი. ასევე, მაღალმთიან რაიონებში ზოგგან იქნება ქარბუქი და იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. კერძოდ, დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება, ზოგგან კი – 20-25 მეტრი წამში;
აღმოსავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე დროგამოშვებით წამში 28 მეტრსაც მიაღწევს. ამაღამ და ხვალ კი შავი ზღვის სანაპიროზე 3-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.
ხვალ, საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დღისით 7-12 გრადუსის ფარგლებში იქნება. 16-17 მარტს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს და თოვლი საქართველოს მთიან რაიონებშიც არის მოსალოდნელი. წვიმა შენარჩუნდება დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოში ზოგიერთ რაიონში. 16-18 მარტს საქართველოს ბარში ღამის საათებში შესაძლოა, ყინვა დაფიქსირდეს, რაც საფრთხეს შეუქმნის აყვავებულ ხე-მცენარეებს. 16 მარტს საქართველოში დღისით ტემპერატურა 5-10 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, 17 მარტს კი 4-9 გრადუსის ფარგლებში. სინოპტიკოსების განცხადებით, ცივი ამინდი საქართველოში კვირის ბოლომდე შენარჩუნდება, თუმცა ნალექის ინტენსივობა თანდათან შემცირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები