ხვალ თსუ- ში სტუდენტთა ორი სხვადასხვა ჯგუფის აქცია გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ხვალ, 12:00 საათზე სტუდენტების ჯგუფი უნივერსიტეტის საქმიანობის სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნების მოთხოვნით აქციას გამართავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სტუდენტთა ჯუგფმა განცხადება “ფეისბუქზე” გაავრცელა.
“ახალგაზრდების მცირე ჯგუფი, რომელთა დიდი ნაწილი არ წარმოადგენს თსუ-ის სტუდენტებს, კვლავ განაგრძობს უნივერსიტეტის სამუშაო პროცესის ჩაშლას. მათ მიერ არათანმიმდევრული მოთხოვნების დაფიქსირება მიმდინარეობს ძალისმიერი და ცილისმწამებლური მეთოდების გამოყენებით. ყოველივე ეს შეუძლებელს ხდის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომის ჩატარებასა და უნივერსიტეტის სხვა ძირითადი ფუნქციების განხორციელებას. რექტორი კი, რომელიც უნდა წარმოადგენდეს უნივერსიტეტის სამართლებრივ ჩარჩოებში ფუნქციონირების გარანტს, მისი უნიათობითა თუ მიზანმიმართული უმოქმედობით ხელს უწყობს სიტუაციის გამწვავებას. ვლადიმერ პაპავა ვერ უზრუნველყოფს პერსონალისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნას და სტუდენტებზე ორიენტირებული გარემოს შენარჩუნებას. შექმნილი არაჯანსაღი მდგომარეობა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის პირველი უნივერსიტეტის სახელს. მოდი უნივერსიტეტის პირველ კორპუსში 14 მარტს, 12:00 საათზე. ერთად მოვითხოვოთ უნივერსიტეტის საქმიანობის დაბრუნება სამართლებრივ ჩარჩოებში! შეიტანე შენი წვლილი ინსტიტუციური კრიზისიდან უნივერსიტეტის გამოყვანაში! დაიცავი უნივერსიტეტი!”, – წერენ აქციის ორგანიზატორები.
სტუდენტების სხვა ჯგუფი, რომელიც რამდენიმე დღეა უნივერსიტეტის ფოიეში ღამეს ათენებს, ზუსტად იგივე დროს უნივერსიტეტში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები