მდინარე რიონის აუზის ექვს მუნიციპალიტეტში წყალდიდობის რისკების შესამცირებლად 5 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯება

მდინარე რიონის აუზის ექვს მუნიციპალიტეტში წყალდიდობის რისკების შესამცირებლად 5 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროექტი ხორციელდება.
პროექტს ადაპტაციის ფონდის დაფინანსებით, გაერო-ს განვითარების პროგრამა გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.
პროექტი რიონის აუზისათვის ექვს მუნიციპალიტეტში: ამბროლაურის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, წყალტუბოს და სამტრედიის მეწყრული რუკების შექმნას, ნაპირდაცვითი ღონისძიებების განხორციელებას და 35 სადამკვირვებლო ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურისა და სამუშაო საგუშაგოს განთავსებას ითვალისწინებდა.
გაერო-ს განვითარების პროგრამისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მედიას პროექტის შედეგები სასტუმრო “წყალტუბო პლაზაში” ორდღიან სემინარზე გააცნეს.
მდინარე რიონის აუზში წყალდიდობის რისკების მართვის პოლიტიკის მენეჯერის, ივანე წიკლაურის განცხადებით, პროექტის ფარგლებში ნაპირდაცვითი ღონისძიებები ექვსი მუნიციპალიტეტის ცხრა მაღალი რისკის ზონაში ხორციელდება. კერძოდ, ერთი კილომეტრის სიგრძის დამბა გაკეთდა ცაგერში, 160-200 მეტრიანი ნაპირდაცვითი ნაგებობები ასევე გაკეთდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზარადში; ორი ნაგებობა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოში, ასევე ლენტეხში. გარდა ამისა, ნაპირდაცვითი ნაგებობები გაკეთდება ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალისთავში, ამბროლაურსა და ონში.
მისივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ასევე სამტრედია-წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში მდინარის ნაპირის ეროზიისაგან დაცვის მიზნით 11 ჰექტარზე 21 000 ნერგი დაირგო. მოეწყო 35 სადამკვირვებლო ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური. მთლიანად პროექტის ბიუჯეტი 5 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს, საიდანაც 3.5 მილიონი დოლარი ტექნიკურ ნაპირდაცვით სამუშაოებს, ნერგების დარგვისთვის, ტექნიკის შესაძენად დაიხარჯა.
სემინარის ორგანიზატორებმა მედიის წარმომადგენლებთან ერთად ის ადგილები დაათვალიერეს, სადაც პროექტის ფარგლებში სამუშაოები განხორციელდა, კერძოდ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზართში ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე არსებულ მეტეოროლოგიურ სადგურზე და სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში იმყოფებოდნენ, სადაც 1700 ძირი ნეკერჩხლისა და იფნის ხეებია დარგული.
ადგილზე იმყოფებოდა საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ნილ სკოტი. მისივე თქმით, წყალდიდობები არანაკლებ დასავლეთ საქართველოსთვის არის აქტუალური. რიონის აუზის წყალდიდობებისაგან დასაცავად აქ შეძენილი ცოდნა და გამოცდილება შეიძლება გამოყენებული იყოს საქართველოს სხვა რეგიონებშიც.
პროექტი 2012 წელს დაიწყო და 2016 წლის ივნისში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები