იუსტიციის სამინისტრომ 21 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დააფინანსა

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით, 21 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დაფინანსდა.
საგრანტო პროექტის სახელწოდებაა „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა”. მისი მიზანია ყოფილ პატიმართა დასაქმების ხელშეწყობა და ბიზნესიდეების განხორციელების მხარდაჭერა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესიდეები სამი მიმართულებით დაიყო – სოფლის მეურნეობა, წარმოება და მომსახურება. რეგიონების მიხედვით გრანტები შემდეგნაირად გადანაწილდა: აჭარაში – 4, იმერეთში – 9, სამეგრელოში – 6 და გურიაში -2. საგრანტო თანხა 69 ათას ლარს შეადგენს.
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის” დირექტორი ირაკლი ხელაძე ბიზნესიდეების კონკურსში ერთ-ერთ გამარჯვებულს, ქედაში მცხოვრებ ყოფილ პატიმარს ოჯახში ესტუმრა და ხუთი ათასი ლარის ღირებულების საჭირო მასალა გადასცა.
მერაბ შარაბიძე „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარია. მისი ბიზნესიდეა ვაზის განაშენიანებასა და ღვინის წარმოებას უკავშირდება.
მერაბ შარაბიძემ საგრანტო კონკურსის გარდა, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართვის შემდეგ სხვადასხვა სერვისით ისარგებლა. მათ შორის ბიზნესიდეის შექმნისა და განხორციელების შესახებ ტრენინგი წარმატებით დაასრულა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, 2013-2015 წლებში იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო პროგრამის ფარგლებში აღმოსავლეთ საქართველოში, 22 ყოფილი პატიმრის 21 ბიზნესიდეა დააფინანსა. ამ წარმატებული მაგალითების გათვალისწინებით, 2016 წელს სამინისტრომ საგრანტო თანხა გაზარდა და ამჟამად, უფრო მეტი ბენეფიციარი შეძლებს საკუთარი ბიზნესიდეის განხორციელებას.
საგრანტო კონკურსში ის ყოფილი პატიმრები მონაწილეობენ, რომლებიც ჩართულები არიან „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში“. აღნიშნული პროგრამა 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით შეიქმნა, რომელსაც სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს.
პროგრამის მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა და საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად მათი დაბრუნებაა.
პროგრამა თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები