კახა კახიშვილი მოლდოვას შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია მინისტრ კახა კახიშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით მოლდოვას რესპუბლიკაში იმყოფება.
კახა კახიშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად მოლდოვას შინაგან საქმეთა მინისტრს ალექსანდრუ ჟიზდანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანაშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და სამომავლოდ ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ხვალ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და მოლდოვას იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
დოკუმენტს ხელს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი და მოლდოვას იუსტიციის მინისტრი ვლადიმერ ჩებოტარი მოაწერენ.
კახა კახიშვილის შეფასებით, საქართველო და მოლდოვას რესპუბლიკა ლიდერები არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესში. „შესაბამისად, საქართველოს გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვნად წაადგება ჩვენს მოლდოველ კოლეგებს რეფორმების შემდგომ განხორციელებაში“, – განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში უწყების პენიტენციური დეპარტამენტის უფროსი ზვიად მიხანაშვილი, ასევე, მისი პირველი მოადგილე მიხეილ აბაშიშვილი შედიან. ზვიად მიხანაშვილი უკვე შეხვდა მოლდოველ კოლეგას – მოლდოვას იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სადაც მხარეებმა ერთმანეთს სისტემის მუშაობასთან დაკავშირებით გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს. ვიზიტი ხვალ, მემორანდუმის გაფორმების შემდეგ დასრულდება.
მოლდოვას იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია საქართველოს გასული წლის დეკემბერში სტუმრობდა. ისინი სასჯელაღსრულების სფეროს რეფორმას, ასევე, პენიტენციური სისტემის მუშაობას გაეცნენ და პენიტენციური დაწესებულებები დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები