„საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი ჯანდაცვის სფეროს სწრაფი განვითარების საშუალებას იძლევა“

სახელმწიფო თბილისის სამი საავადმყოფოს მართვას სახელმწიფო და კერძო სექტორის პარტნიორობის მოდელის ფარგლებში გეგმავს. ეს მოდელი ევროპაში პირველად გასული საუკუნის 80-იან წლებში დაინერგა და მას შემდეგ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აპრობირებული და გამოცდილი მეთოდია მსხვილი ობიექტების მართვისა და განვითარებისათვის.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე “კვირასთან“ ინტერვიუში ვრცლად საუბრობს.
როგორც ცნობილია, სამი საავადმყოფოს განვითარება ე.წ. PPP მოდელის მიხედვით მოხდება. რომ შევაფასოთ, რა არის ეს მოდელი და რას ნიშნავს მისი დანერგვა ჩვენი ჯანდაცვის სისტემისათვის? ადგილი აქვს საქართველოში კონცეპტუალურად ახალი ხედვისა და მიდგომების ჩამოყალიბების მცდელობას ჯანდაცვის მენეჯმენტში. ის, რასაც უნდა დაეფუძნოს სამომავლოდ საქართველოს ჯანდაცვის და განსაკუთრებით ჰოსპიტალური სექტორის განვითარება, მხედველობაში მაქვს PPP მოდელი, ანუ კერძო და საჯარო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი, პრაქტიკულად, უალტერნატივოა დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით.
ერთია, რომ კერძო სექტორის ინვესტირება და მონაწილეობა ახალისებს და ხელს უწყობს დარგის განვითარებას, მაგრამ მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ე.წ. საზოგადოებრივი, სახელმწიფო ინტერესების მაქსიმალურად სრულად ასახვა და ამ პოლიტიკის კომპონენტების გათვალისწინება ჰოსპიტალური სექტორის განვითარების მიმართულებით. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული მოდელის დანერგვა და იძლევა ის საშუალებას, ვიფიქროთ, რომ ჯანდაცვის მიმართულება სწორი გზით ვითარდება?
PPP მოდელის გამოცდილება და პრაქტიკა, რაც დასავლეთმა ამ თვალსაზრისით მიიღო, გვაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ დღეს კონცეპტუალურად სწორად არის პრიორიტეტები დალაგებული. ერთ მხრივ, საზოგადებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესების მაქსიმალური ჩართულობა და, მეორე მხრივ, კერძო სექტორის თანამონაწილეობა, რომელიც თვითკონტროლის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის პირობებში, დარგის სწრაფი განვითარების საშუალებას იძლევა. რა დადებითი მხარეები გააჩნია ამ მოდელს? ანუ რას გვაძლევს ის ფაქტორი, რომ მასში ჩართულია და მონაწილეობას იღებს ორი მხარე – კერძო სექტორი და სახელმწიფო? კარგია, რომ უცხოელი ინვესტორები სახელმწიფოსთან ერთად ინტერესდებიან ამ სფეროთი. ჯანდაცვის სფერო უნიკალურია თავისი თვისებებით. ერთი მხრივ, ეს არის ბიზნესი, რომელიც ქმნის მთლიან შიდა პროდუქტს, იხდის გადასახადებს, ასაქმებს ადამიანებს, მაგრამ, ამავე დროს, არის სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და შემადგენელი ნაწილი. ამ თვალსაზრისით სწორი ინვესტიცია და მათ შორის სახელმწიფოსიც, მე ვთვლი, რომ არის ინვესტიცია მომავალში და ეს არის საშუალება, ერთი მხრივ, ჯანდაცვის სფერო მიმზიდველ ბიზნესად ვაქციოთ, რაც უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავდროულად, მაქსიმალურად სრულვყოთ და დავხვეწოთ სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის კომპონენტი. ასე, რომ ამ სამი მსხვილი კლინიკის გაჩენა საქართველოში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კონკურენციის ხარისხის გაზრდას.
კონკურენცია ჯანდაცვის სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს ჯანდაცვის, ფარმაცევტულ და, ზოგადად, სამედიცინო სფეროში არსებული ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის პირობებში. ეს საშუალებას გვაძლევს, ერთი მხრივ, მაღალტექნოლოგიური განვითარება უზრუნველვყოთ და, მეორე მხრივ, კონკურენტულ პირობებში მაქსიმალურად გათვალისწინებული და ასახული იქნას საზოგადოებრივი ინტერესი ოპტიმალური ფასის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. რომ შევაფასოთ, რას მივიღებთ კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობის მოდელის წარმატებით განხორციელებისა და დანერგვის შემთხვევაში?
საბოლოო ჯამში, ჩვენ ვიღებთ ე.წ. ხარჯთეფექტურ მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს მაღალ ხარისხს და მეტ-ნაკლებად ოპტიმალური ფასების პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობას, როგორც ბიზნესის, ასევე სახელმწიფოს მხრიდან. მე ვფიქრობ, ის სტარტაპი, რაც სახელმწიფომ ამ სამი კლინიკის სახით დააანონსა, უნდა იყოს პირველი ნაბიჯი იმისა, რომ სახელწიფოს ჩართულობა და კერძო ბიზნესის ინტერესის მოზიდვა მოხდეს ამ სფეროში. მე მგონია, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. დანარჩენი უკვე დამოკიდებული იქნება სახელმწიფოს და ჯანდაცვის სამინისტროს მარიფათზე და, ზოგადად, მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ რამდენად დაჩქარებულ და სწრაფ რეჟიმში იქნება განხორციელებული ეს მნიშვნელოვანი რეფორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები