რატომ გადაწყვიტა ედმონდ მინაშვილმა შინდისის გმირებზე ფილმის გადაღება

ფილმ „შინდისის გმირების“ იდეის ავტორი და პროდიუსერი, რუსთაველის თეატრის მსახიობი, „თავისუფალი სტუდიის“ დამფუძნებელი ედმონდ მინაშვილი „რეპორტიორთან“ საუბრობს იმ დეტალებზე, თუ რატომ გადაწყვიტა შინდისის 17 გმირის ისტორიაზე ფილმის გადაღება:
„2008 წელი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე და ტრაგიკული იყო… აგვისტოს თვე ჩემთვის იყო, არის და დარჩება, როგორც ყველაზე ცივი და სუსხიანი თვე. არასოდეს დამავიწყდება ის წამები, როდესაც გავიგე ჩემი ბავშვობის მეგობრის, დიდი პატრიოტის და უნიჭიერესი პოეტის, მიხეილ დვალიშვილის დაღუპვის ამბავი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შინდისის ბრძოლის ველზე დატოვა. მაშინდელი ჩემი შინაგანი მდგომარეობა ენით აუხსნელია, ვერ გადმოგცემთ, რა გრძნობა დამეუფლა… ცოტა შემშურდა კიდეც მიშიკოს საქციელი, ადამიანის, რომელმაც ჩემი ქვეყნისთვის თავი გაწირა, თითოეული ქართველის კეთილდღეობისთვის იბრძოდა და იდგა იქ, სადაც ერთეულებს, მხოლოდ უფლისგან რჩეულებს შეუძლით, რომ იდგნენ. მაშინ მიშიკომ დამიმტკიცა, რომ ის ყოველთვის იყო ჩემზე ძლიერი. ის ყოველთვის გამოირჩეოდა ჩვენი თანატოლებისგან, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მასში იყო ასეთი დიდი სული და დიდი სიყვარული თავისი ოჯახის, მეგობრებისა და ქვეყნის მიმართ. მე ქედს ვიხრი ყველა იმ გმირის წინაშე, რომლებმაც დაგვიმტკიცეს, რომ წუთისოფელი მართლა წუთია და ყველაზე სანუკვარი კი – მარადიული! მარადიულობისთვის ნამდვილად ღირს ცხოვრება, თუნდაც ის იყოს ხანმოკლე. ამის ნათელი მაგალითია შინდისის გმირები, გმირები, რომლებმაც მასწავლეს ფიქრი და დამანახვეს საკუთარი თავი“, – ამბობს ედმონდ მინაშვილი.
ედმონდ მინაშვილი იხსენებს 2008 წლის 6 სექტემბერს:
„არასდროს დამავიწყდება, პირველად რომ ჩავედი სოფელ შინდისში – 2008 წლის 6 სექტემბერს. ვერ გადმოგცემთ მაშინდელ სურათს, რომელიც იქ დამხვდა; საოცარი აურა, საოცარი კადრები, საოცარი ფაქტები და რაც მთავარია, ტკივილთან ერთად დიდი სიამაყე. ვუყურებდი და ვგრძნობდი, რომ სულ რამდენიმე დღის წინ აქ იდგნენ გმირები, ჯერ კიდევ ცოცხლები და საკუთარ მიწას იცავდნენ. მათ დაანახეს მტერს, რომ ქართველი კაცი სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს და არ დათმობს საკუთარ მიწა-წყალს. იქვე გადავწყვიტე, რომ ეს ბიჭები უნდა გამეცნო სრულიად საქართველოსთვის. დავწერე პროექტი, რომელიც შედგებოდა რამდენიმე ეტაპისგან. პირველ რიგში, უნდა მომენახულებინა თითოეული გმირის ოჯახის წევრები, გამეცნო ყველა მათგანი, აშენებულიყო ეკლესია მათი სულების უკვდავსაყოფად, გამომეცა წიგნი, და ბოლოს, გადაგვეღო მხატვრული ფილმი, რომელიც მოგვცემდა საშუალებას, მსოფლიოსთვის დაგვენახვებინა ქართული სული!“ – ამბობს ედმონდ მინაშვილი „რეპორტიორთან“ საუბარში.
პროექტის ავტორი ყვება, რომ ორი თვის განმავლობაში ისინი იმყოფებოდნენ ჩვიდმეტივე გმირის ოჯახში და მუშაობდნენ დოკუმენტურ ფილმზე:
„ორი თვის განმავლობაში ვმუშაობდით მე და ჩემი მეგობრები, რომლებმაც აბსოლუტურად უანგაროდ იმუშავეს ფილმის შექმნისას. უწმინდესის კურთხევით და უფლის წყალობით დღის სინათლე ნახეს ფილმებმა – „შინდისის გმირები“ და „რუსული დერეფანი“. აშენდა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რისთვისაც მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო ბატონ კახა კალაძეს. მადლობა უფალს, რომ დღეს ყველა ქართველმა იცის ისტორია, რომელიც ოქროს ასოებით – „შინდისის გმირები“, სამუდამოდ ჩაიწერება საქართველოს უახლესი ისტორიის ფურცლებზე.
ახლა დადგა დრო, მსოფლიოს გავაცნოთ მათი სახელები და ამ მოტივაციით ვიწყებთ მხატვრული ფილმის გადაღებას. მაქვს სურვილი, რომ ამ ფილმმა თავისი სიტყვა თქვას მსოფლიო კინოს ისტორიაში. ამის თქმის საშუალებას მაძლევს სოფელ შინდისის მცხოვრებლების თავგანწირვა და უსაზღვრო ამაგი. ასევე, მიშიკო დვალიშვილი – ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელიც ჩემი მთავარი მოტივაცია და იმედია. მან სათითაოდ გამაცნო თავისი თანამებრძოლები და მეგობრები, მომცა საშუალება, მეცხოვრა თითოეულის ოჯახში… ვფიქრობ, მხატვრული ფილმის – „შინდისის“ წარმატება უკვე დაწერილია ზეციურ საქართველოში!“ – აცხადებს ედმონდ მინაშვილი.

წყარო “რეპორტიორი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები