თავრიზის უნივერსიტეტში საქართველოს კაბინეტი გაიხსნება

თავრიზის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ფაკულტეტის წარმომადგენელმა, კავკასიოლოგმა აჰმად ფარშბაფიანმა ირანში მყოფ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანში, თვენახევარში თავრიზის უნივერსიტეტში საქართველოს კაბინეტი გაიხსნება, რომელიც კავკასიოლოგიის ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნება.
ირანელმა კავკასიოლოგმა ქართველ ჟურნალისტებს სთხოვა, გამოაგზავნონ ქართული წიგნები საქართველოს ისტორიის და კულტურის შესახებ, რომლებსაც ქართულ კაბინეტში განათავსებენ.
მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საჭიროებაზეც ისაუბრა.
“წლების განმავლობაში, საქართველოშიც და ირანშიც იყვნენ მეცნიერები, რომლებიც მუშაობდნენ ორივე ქვეყნის კულტურასა და ისტორიაზე. ისლამური რევოლუციის შემდეგ რამდენიმე წელი ეს კონტაქტი შეწყდა და შემდეგ ისევ განახლდა. მე მინდა ამ თემას შევხედო თავრიზის უნივერსიტეტის მხრიდან. კავკასიოლოგიის ფაკულტეტის ფარგლებში, ჩვენ 5-6 წელია დავიწყეთ საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი-კვიპროსთან. ორი კვირის წინ, თავრიზში ქუთაისის უნივერსიტეტიდან დელეგაცია გვყავდა უნივერსიტეტის რექტორის ხელმძღვანელობით. ვისაუბრეთ თანამშრომლობის საკითხებზე და გადავწყვიტეთ, რომ ორი თვის შემდეგ თავრიზის უნივერსიტეტის დელეგაცია თბილისსა და ქუთაისში ჩავა, სადა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს გავაფორმებთ. სურვილი გვაქვს, რომ ქართველი და ირანელი ახალგაზრდების სასწავლო, გაცვლითი პროგრამები დავიწყოთ”, – განაცხადა თავრიზის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა.
მისივე ინფორმაციით, გადაწყვეტილია, რომ ოთხი ქართველი სტუდენტი თავრიზის უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე ისწავლის. აჰმად ფარშბაფიანმა იმ ირანელ სტუდენტებზეც ისაუბრა, რომლებიც საქართველოში სწავლობენ და იმ ფონზე, როცა, მისი თქმით, ირანში სამედიცინო განათლების სისტემა უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე საქართველოში, ირანელი სტუდენტების საქართველოთი დაინტერესება მათი საზღვარგარეთ კვლევების ჩატარების ინტერესით ახსნა. თუმცა, მისი განმარტებით, საქართველოში მიღებული განათლებით ისინი ირანში მუშაობის დაწყებას ვერ შეძლებენ. “საქართველოში მიღებული ცოდნა საკმარისი არ არის და ისინი ვალდებულნი არიან, 2-3 წელი ირანში გააგრძელონ სწავლა და კვლევები”, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები