საფარის მონასტერთან მისასვლელ კაპიტალურ გზას წელს პირველად დააგებენ

მსოფლიო ბანკის მხარდაჭრითა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით, სამცხე-ჯავახეთში ტურისტული პოტენციალის ამოქმედების პროგრამა დაიწყო.
როგორც “კვირას” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პროგრამის ფარგლებში, საფარის მონასტერთან მისასვლელ 7,2- კილომეტრიან მონაკვეთზე კაპიტალური გზა პირველად დაიგება.
აღსანიშნავია, რომ გზის აღდგენითი სამუშაოები დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა.
“საფარის მონასტრამდე მისასვლელი გზა ძალიან მნიშვნელოვანი აბევრი თვალსაზრისით. ეს არის შვიდკილომეტრიანი გზა, რომლის გახსნაც წელს მოხდება. აქ დადიან ტურისტები, მომლოცველები, რეგიონის მცხოვრებლები და ყველასთვის იქნება მნიშვნელოვანი, რომ გაკეთდეს გზა და გზის გარშემო ინფრასტრუქტურა მოეწყოს. აქ გაკეთდება გადასახედები, ავტომანქანის სადგომები. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დღეს ჩვენ ასევე დავათვალიერებთ რამდენიმე საწარმოს, რომლებიც პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში გაიხსნა, ვეწვევით შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დაფინანსებულ საწარმოს და დავესწრებით ბორჯომში ახალი სასტუმროს გახსნის ღონისძიებას”, – განაცხადა პრემიერმა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, საფარის მონასტრამდე მანძილი, 30 წუთის ნაცვლად, ათ წუთში დაიფარება. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 7,2 კილომეტრი, გზის საფარის სიგანე კი ხუთი მეტრია. პროექტის ფარგლებში 70 ადამიანი დასაქმდება. აღსანიშნავია, რომ გზის რეაბილიტაცია 2016 წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება 3 198 099,81 ლარს შადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები