10 მარტიდან ახალი შიდა ავიარეისები შესრულდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ახალ შიდა ავიამიმართულებებს ამატებს – 10 მარტიდან ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს შესრულდება ავიარეისები ნატახტარი – ქუთაისისა და ქუთაისი – ნატახტარის მიმართულებით.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით ზრდასრულთათვის იქნება 50 ლარი, ბავშვებისთვის – 35 ლარი, ხოლო ჩვილთათვის მგზავრობა უფასო იქნება. ყოველ ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება ფრენები მესტია – ქუთაისი და ქუთაისი – მესტიის მიმართულებით, ერთი მიმართულებით ბილეთის ფასი ზრდასრულთათვის იქნება 40 ლარი, ბავშვებისთვის – 28 ლარი, ჩვილებისთვის – უფასო.
მათივე ცნობით, ამჟამად ნატახტარის აეროდრომიდან მესტიის მიმართულებით ხორციელდება რეისები კვირაში 4 სიხშირით (ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას), ბილეთის ფასი ზრდასრულთათვის 65 ლარია, ხოლო ბავშვებისთვის – 45 ლარი (ჩვილებისათვის მგზავრობა უფასოა). 2015 წლის განმავლობაში აღნიშნული რეისით 4,458 მგზავრმა ისარგებლა. რეისებს ავიაკომპანია „სერვისეარი“ შეასრულებს ახალი 17 -ადგილიანი საჰაერო ხომალდით. ნატახტარი – მესტიის მიმართულებით ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ტურისტულ კომპანია Vanilla Sky-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები