საქართველოში პირველი მათემატიკური ფესტივალი იწყება

 საქართველოში „მათემატიკის ფესტივალი“ არსდება. პირველი „მათემატიკის ფესტივალი“ 14 მარტს გაიმართება და შემდგომში ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს. ფესტივალი საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, ოლიმპიადა „ევერესტის“ ორგანიზებით ჩატარდება.
ორგანიზატორების განმარტებით, ღონისძიება სასკოლო ასაკის ბავშვებში განათლების მიღების ხელშეწყობისკენ არის მიმართული.
მისი მიზანი მათემატიკის პოპულარიზაცია, სასკოლო ცხოვრების გახალისება და გამრავალფეროვნება. ასევე, მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლება, კრეატიული იდეების წახალისება და საჯარო და კერძო სკოლების წარდგენა საზოგადოებისთვის.
„ძალიან ბევრი ბავშვისთვის, სამწუხაროდ, მათემატიკა მოსაწყენ და რუტინულ საგანთან ასოცირდება. ჩვენ კი გვსურს, ყველას დავანახვოთ, რომ პირიქით, ის ძალიან საინტერესო და სახალისო მეცნიერებაა. გვინდა ეს ერთი დღე გადავაქციოთ მათემატიკის ნამდვილ დღესასწაულად. აქ მათემატიკის ყველა მოყვარული, და არა მხოლოდ, შეძლებს მიიღოს ცოდნა, გაივარჯიშოს გონება, გაერთოს და რაც მთავარია, ჩვენთან ერთად აღნიშნოს ალბერტ აინშტაინის და „ევერესტის“ დაბადების დღე“, – აღნიშნავს ფესტივალის ორგანიზატორი და ოლიმპიადა „ევერესტის“ დამფუძნებელი დაჩი ნანობაშვილი.
ფესტივალში  35 საჯარო და კერძო სკოლის გუნდი მონაწილეობს. ასევე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის, სამხატვრო სტუდიის, მათემატიკური პორტალ„ლოგიკმეტრის“, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურის“ მოსწავლეები და სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FABLAB ილიაუნი.
ორგანიზატორების განმარტებით, ყველა მონაწილისთვის გამოიყოფა სივრცე, სადაც გამოფენის ფორმატში წარადგენენ მათემატიკის თემაზე შექმნილ კრეატიული ნამუშევრებს – ფიგურათა ვიზუალიზაციებს, თეორემების დამტკიცებას, მაკეტებს, მათემატიკურ ინოვაციებს და სხვ.
ამასთან, ღონისძიების ფარგლებში არაერთი საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობაა დაგეგმილი.
ფესტივალზე გაიმართება მათემატიკური შეჯიბრებები, ვიქტორინები, კონკურსები, ჭადრაკის მინი ტურნირი, ფლეშმობი და სხვ. „მთელი დღის მანძილზე მათემატიკის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი დამთვალიერებელს უამრავ საინტერესო სანახაობასა და აქტივობას სთავაზობს.
ფესტივალზე მოსულ ყველა სტუმარს საშუალება ექნება, ჩაერთოს ღონისძიებებში, გამოსცადოს თავისი შესაძლებლობები, გაიმარჯვოს და მიიღოს დაწესებული პრიზები“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
„მათემატიკის ფესტივალი“ სამი მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად არსდება. წელიწადის მესამე თვის 14 რიცხვში მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მათემატიკური დღესასწაული π-ის დღე აღინიშნება(π = 3,14). პირველად ეს დღე 1987 წელს სან-ფრანცისკოს ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმში აღინიშნა. 2009 წლიდან კი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა π-ის დღის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებას. ამის შემდეგ, ამ დღის აღნიშვნა მრავალ ქვეყანაში ტრადიციად იქცა. ამასთანავე, 14 მარტს ალბერტ აინშტაინის დაბადების დღე და ოლიმპიადა „ევერესტის“ 10 წლის იუბილეა. ღონისძიებას დაესწრება განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. ასევე თბილისის მერიის, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID ) და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები