ალექსი პეტრიაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დღეს აღარ დაჰკითხავენ

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერს ალექსი პეტრიაშვილს, რომელიც რამდენიმე დღის წინ საბურთალოს რაიონში მდებარე სასაფლაოზე დაჭრეს, არც დღეს დაჰკითხავენ. ინფორმაცია ამის შესახებ მედიას პეტრიაშვილის ადვოკატმა ლევან სამუშიამ მიაწოდა.
მისივე ინფორმაციით, დღეს სამართლადამცავები გეგმავდნენ მის დაკითხვას, თუმცა პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა ნება არ მისცეს საგამოძიებო ორგანოს წარმომადგნლებს, რომ დაკითხვა განეახლებინათ.
“თვითონ ბატონი ალექსიც მონდომებულია, რომ ჩვენება მისცეს გამოძიებას და დაკითხონ, მაგრამ გადამწყვეტი არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიუხედავად ბატონი ალექსის სურვილისა, ექიმმა არც მას და არც საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებს არ მისცა ნება, ეწარმოებინათ დაკითხვა, რადგან იგი არ იქნებოდა ხანმოკლე და, სავარაუდოდ, ხვალისთვის შედგება. ექიმმა განმარტა, რომ გარკვეული სამედიცინო გამოკვლევებია საჭირო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმმა მიზანშეწონილად არ ჩათვალა დაკითხვა. ამ შემთხვევაში მთავარი და გადამწყვეტი ექიმის სიტყვა არის”, – განაცხადა ლევან სამუშიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები