საბურთალოს გამგებელი იმედოვნებს, რომ გამოიძებნება თანხები და ცენტრალური მილი შეკეთდება

საბურთალოს რაიონის გამგებლის ბექა მიქაუტაძის განმარტებით, გამგეობას მუდმივი კონტაქტი აქვს GWP-სთან. იგი იმედოვნებს, რომ გამოიძებნება თანხები და ცენტრალური მილები აღდგება.
მიქაუტაძის განცხადებით, მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია სანიაღვრე არხი, თუმცა მიმდინარე მშენებლობის გამო ასფალტის საფარის დაგება ვერ ხერხდება, რაც სანიაღვრე არხის მუშაობის შეფერხებას იწვევს.
„წყლის ნაკადი იმდენად ძლიერი იყო, მას სანიაღვრე არხები ისედაც ვერ გაატარებდა. უნდა ვთქვათ ისიც, რომ აქ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო ასფალტის დაგებასაც აზრიც ეკარგება. სანიაღვრე არხის სრულყოფილად ფუნქციონირებას ასფალტ-ბეტონის საფარის არარსებობაც უშლის ხელს. ამჟამად სარდაფებიდან ამოტუმბული წყალი სანიაღვრე არხებში ჩაედინება“, – განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
მიქაუტაძე ასევე განმარტავს, რომ მას საუბარი ჰქონდა GWP-ს ხელმძღვანელობასთან და კომპანია მზად არის, ზარალი სადაზღვევო კომპანიის მეშვეობით აანაზღაუროს.
„ჩვენ ამხანაგობის თავმჯდომარეებსაც გავესაუბრებით და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმარებით მოსახლეობას“, – განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი ფაქტი 1400 – მილიმეტრიანი ცენტრალური მილის დაზიანებამ გამოიწვია. წყლის ამოღვრის შედეგად დაზიანდა მანქანები და დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. არსებული ინფორმაციით, სამაშველო სამსახურები და GWP-ს თანამშრომლები ადგილზე მუშაობენ და მილი უახლოეს პერიოდში აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები