სტეპან ჩერნოვეცკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკური მოძრაობა – „ბედნიერი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელის ლეონიდ ჩერნოვეცკის ვაჟი, სტეპან ჩერნოვეცკი ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
ჩერნოვეცკი პირობას დებს, რომ 20 000 ლარს გადაუხდის იმას, ვინც მომხდარში დამნაშავე პირის ან პირების ვინაობის და ადგილსამყოფელის შესახებ სამართალდამცველებს უტყუარ ინფორმაციას მიაწვდის და შინაგან საქმეთა სამინისტრო მის უტყუარობას ოფიციალურად დაადასტურებს.
“მე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს თვალ-ყურს აქტიურად ვადევნებ. მას მერე, რაც მამაჩემმა, ლეონიდ ჩერნოვეცკიმ გადაწყვიტა საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება, თავისი ბიზნესი სამართავად მე გადმომცა და მის ყველა საქველმოქმედო პროექტსაც, რომელიც საქართველოში და უკრაინაში ხორციელდება, მე ვაფინანსებ. დავიბადე და ვცხოვრობდი საქართველოში, რითაც ვამაყობ და მსურს, რომ მომავალში საქართველოსთან ვიყო დაკავშირებული. ძალიან მინდა ამ ქვეყნისთვის ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი რამ გავაკეთო. სამწუხაროდ, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ცოტა ხნის წინ, თბილისში, ახალგაზრდა ქალბატონი სადისტურად მოკლეს, მისი მცირეწლოვანი შვილი კი დაწვეს.
ეს ნამდვილი ტრაგედიაა და ბოლო დღეებია სულ ამ საშინელი შემთხვევის შესახებ ვფიქრობ. მინდა განვაცხადო, რომ მე 20 000 ლარს გადავუხდი იმას, ვინც მომხდარში დამნაშავე პირის ან პირების ვინაობის და ადგილსამყოფელის შესახებ სამართალდამცველებს უტყუარ ინფორმაციას მიაწვდის და შინაგან საქმეთა სამინისტრო მის უტყუარობას ოფიციალურად დაადასტურებს.
ადამიანი, რომელიც ამ ინფორმაციას მოიპოვებს, არ უნდა იყოს სამართალდამცველი სტრუქტურების თანამშრომელი, რადგან დამნაშავეების გამოვლენა და დაკავება მათი პირდაპირი მოვალეობაა! ასეთივე ჯილდოს გადავცემ უტყუარი ინფორმაციისთვის იმ ნაძირლების შესახებ, რომლებმაც გაძარცვეს ჩემი ოჯახისთვის ახლობელი ადამიანი – თელავის მკვიდრი, ვახტანგ ვახტანგიშვილი. ბოროტმოქმედებმა, 80 წლის მოხუცი, რომელსაც ინსულტი ჰქონდა გადატანილი, გაკოჭეს და აწამეს. ახლა ის საავადმყოფოში იმყოფება! მინდა, რომ ქართველებმა იცოდნენ, 1986 წელს, მაშინ, როცა ჩერნობილის ატომურ სადგურზე აფეთქება მოხდა, ბაბუა ვახტანგი ჩვენს ოჯახს, სამი თვის განმავლობაში თელავში, საკუთარ სახლში არჩენდა, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი ნათესაური კავშირი ჩვენ არ გაგვაჩნდა! ის საოცარი და კეთილშობილი ადამიანია! დამნაშავეები, რომლებმაც ამ „წმინდა“ მოხუცის სიცოცხლის ხელყოფა სცადეს, მკაცრად უნდა დაისაჯონ!“,-აცხადებს სტეპან ჩერნოვეცკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები