თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში 132 დევნილ ოჯახს  ბინები გადაეცა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და  ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 132 დევნილ ოჯახს შეხვდნენ, რომლებსაც დადიანის  ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსში ბინები გადაეცათ.
სამინისტრომ დადიანის ქუჩაზე არსებული 132 ბინა, მენაშენეებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის პროექტის ფარგლებში,  შპს   „ლიტ ჯეო ინვესტი“-სგან  კონკურსის საფუძველზე შეიძინა.
დევნილტა სამინისტროს ინფორმაციით, დადიანის ქუჩა N7-ში  დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად  გადაეცათ. 132 ბინიდან 84-ერთოთახიანია, 24-ოროთახიანი, ხოლო 24-სამოთახიანი.
დევნილთა და განსახლების სამინისტროს მიერ საბუთები გადაგზავნილია ეკონომიკის სამინისტროში, რის შემდეგაც დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების საკითხს  მთავრობა განიხილავს.  მთავრობის განკარგულების გამოცემის შემდეგ,  გაფორმდება ინდივიდუალური ხელშეკრულებები და 132 დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე გახდება.
პირველად, 2015 წელს, 22-წლიანი დევნილობის შემდეგ, თბილისში  ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 561  დევნილ ოჯახს გადაეცა, რის შედეგადაც 6 ნგრევადი ობიექტი დაიხურა.  დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელი ფართები   ორ  ნგრევად ობიექტში  „კოლხეთსა“ და  „აეროპორტის ჩასახლებაში“   მცხოვრებ დევნილ ოჯახებსაც გადაეცათ.  დადიანის ქუჩაზე ბინები მიიღეს, როგორც აფხაზეთიდან ისე სამაჩაბლოდან დევნილმა ოჯახებმა.
2016 წელს, თბილისში მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელი ფართი კიდევ 200 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები