განათლების მინისტრის მოადგილე: მითხარით, სად ჩანს, რომ ბავშვებს ჰომოსექსუალიზმს ვასწავლით?

პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე საგნის – “მე და საზოგადოება” განხილვა მიმდინარეობს. სხდომას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და მოწვეული სტუმრები ესწრებიან, რომლებიც ამ საგნის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილები.
საგნის – „მე და საზოგადოების“ განხილვას დებატები მოჰყვა.
„გთხოვთ, მითხრათ, რომელი თემა ან კითხვა აჩენს ეჭვს, რომ მესამე და მეოთხე კლასის ბავშვებს ჰომოსექსუალიზმი უნდა ვასწავლოთ – იქნებ კონკრეტულად გვითხრათ, სად ჩანს ასეთი ეჭვის საფუძველი“?! – აღნიშნული კითხვით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე, საგნის “მე და საზოგადოება” მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს მიმართა. ლია გიგაურს ყოფილმა პარლამენტარმა ჯონდი ბაღათურიამ უპასუხა.
„საგნის შემოღების მიზნებში წერია, სადაც აღნიშნულია ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის შესახებ“, – აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ, რასაც მინისტრის მოადგილის რეპლიკა მოჰყვა – “სხვა რა არის თქვენთვის ტოლერანტობა და შემწყნარებლობა?!”.
გიგაურის განმარტებით, დოკუმენტში წერია კულტურული მრავალფეროვნების გააზრების და დაფასების შესახებ, ხოლო ის, თუ ვინ არიან ოჯახის წევრები, წერია – დედა, მამა, და, ძმა, ბებია, ბაბუა.
ამასთან, განათლების მინისტრის მოადგილის მისამართით დასმულ კითხვაზე, თუ რას ნიშნავს და რა იგულისხმება განსხვავებული კულტურის, ეროვნებისა და შესაძლებლობების მქონე ადამიანებში, გიგაურმა განმარტა, რომ განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებად, განათლების სფეროში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები აღიქმებიან.
“ესენი არიან ფიზიკურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მენტალური თუ სხვა ტიპის პრობლემის მქონე პირები, რომლებიც დღეს ინკლუზიური განათლების ფარგლებში არიან ინტეგრირებულნი სკოლებში. შესაბამისად, მათ მიმართ ყოველ მოსწავლეს მზრუნველი და შემწყნარებლური დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს”, – განაცხადა ლია გიგაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები