მალე ყველა სახის მედიკამენტი ელექტრონული რეცეპტით გაიცემა

„მალე მედიკამენტები ელექტრონული რეცეპტით გაიცემა“,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, აქამდე ელექტრონული რეცეპტით აფთიაქები პირველი ჯგუფის მედიკამენტებს გასცემდნენ.
მინისტრის განცხადებითვე, მას შემდეგ, რაც პაციენტს ექიმი რეცეპტს გამოუწერს, შესაძლებლობა ექნება, რეცეპტი საიტზე ატვირთოს, რის შემდეგაც აფთიაქი ამ ელექტრონული ვერსიით გასცემს მედიკამენტს.
“მნიშვნელოვანია, სწორად განისაზღვროს, რა არის ონლაინრეცეპტი და რა არის სატელეფონო კონსულტაცია. სატელეფონო კონსულტაციით რეცეპტის გამოწერა დადგენილ ნორმებსა და კანონებს ეწინააღმდეგება. ეს არის არალეგალური ქმედება, რაზეც შესაბამის რეაგირებას ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტრო. რაც შეეხება ონლაინ, ან ელექტრონულ რეცეპტს, ეს მიღებული ფორმაა.
ორი წელია, რაც პირველი ჯგუფის მედიკამენტებზე მუშაობს და, ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში დაიწყება უფრო ფართო შესაძლებლობები, როდესაც პაციენტს არ ექნება იმის საჭიროება, რომ ქაღალდის ინფორმაციის მატარებელი ჰქონდეს. როდესაც ექიმი გასინჯავს, გამოუწერს რეცეპტს, მას ექნება შესაძლებლობა, რომ პირდაპირ ატვირთოს ეს ინფორმაცია და პაციენტმა ქაღალდი არ ატაროს. აფთიაქს ექნება ვალდებულება, კანონით დადგენილი ფორმით, ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე გასცეს მედიკამენტი”, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები